LIVE

ამილახვარი: განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ადამიანებთან აქტიურ კომუნიკაციას დავიწყებ

20 მარ 202314:36
3 წუთის საკითხავი
clock clock 321
ამილახვარი: განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ადამიანებთან აქტიურ კომუნიკაციას დავიწყებ

განათლების ახლად დანიშნული მინისტრის გიორგი ამილახვარის განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების დარგში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე სასაუბროდ, დღეიდან სფეროს ყველა წარმომადგენელთან აქტიურ კომუნიკაციას დაიწყებს. მისი თქმით, უწყება მყისიერ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბევრი რამ გაკეთდა განათლების და მეცნიერების მიმართულებით, თუმცა ბუნებრივია, კვლავ რჩება რიგი გამოწვევები და პრობლემები, რომლებსაც ჭირდება სწრაფი პასუხი და გადაჭრა. ამიტომ, დღეიდან დავიწყებ აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან - ბავშვებთან, მათ მშობლებთან, ჩვენს დამსახურებულ და ღირსეულ მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციებთან, პროფესორებთან, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან და ჩვენს მეცნიერებთან, იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე სამსჯელოდ, რაც დღეს დარგში გვაქვს და უკუკავშირის შედეგად, მივიღებთ სწრაფ და მყისიერ გადაწყვეტილებებს, ყველა ამ პრობლემაზე საპასუხოდ.

გვინდა, რომ ყველაფერი საუკეთესო შევთავაზოთ ჩვენს შვილებს სკოლებში, დაწყებული ინფრასტრუქტურით, გაგრძელებული სასწავლო პროგრამით და საგანმანათლებლო რესურსებით. ამიტომ, ამ კუთხით აქტიურად და სწრაფად ვიმუშავებთ“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა და აქვე დასძინა, რომ მისი მინისტრობის პერიოდში პროფესიული განათლება პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდება.

შეგახსენებთ, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განათლების ახალი მინისტრი წარადგინა. უწყებას გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს. მინისტრის პოსტზე მან მიხეილ ჩხენკელი შეცვალა.  

გიორგი ამილახვარი მე-10 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით მოხვდა და მინისტრობამდე, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. 

რაც შეეხება განათლების აწ უკვე ყოფილ მინისტრს, მიხეილ ჩხენკელი უწყების ხელმძღვანელად პირველად 2017 წელს, მეორედ კი 2019 წელს დაინიშნა. პრემიერმინისტრის თქმით, ჩხენკელმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, ის აკადემიურ საქმიანობას უბრუნდება და მუშაობას გააგრძელებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.

შაბათის ფორმულამ ჯერ კიდევ გასული წლის 15 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამილახვარის განათლების მინისტრად დანიშვნა იგეგმებოდა, თუმცა, მაშინ ჩხენკელი დეპუტატით არ ჩაანაცვლეს, ამის მიზეზი კი, სავარაუდოდ, ვაკის პარკის ტრაგედიაზე ამილახვარის არაკორექტული კომენტარი გახდა.