LIVE

განათლების მინისტრის პოსტზე ჩხენკელს ამილახვარი ჩაანაცვლებს

20 მარ 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 437
განათლების მინისტრის პოსტზე ჩხენკელს ამილახვარი ჩაანაცვლებს

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების ახალი მინისტრი წარადგინა. დღეიდან უწყებას გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს. მინისტრის პოსტზე ის მიხეილ ჩხენკელს შეცვლის. 

„გიორგი ამილახვარი არის ძალიან წარმატებული ადამიანი. მას მიღებული აქვს ძალიან კარგი, ღირსეული განათლება. სწავლობდა აშშ-ში, შემდეგ - გერმანიაში. ქალაქ ჰამბურგში, მაქს პლანკის კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა სადისერტაციო ნაშრომზე. მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი. არის ასოცირებული პროფესორი.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გიორგის აქვს წარმატებული მუშაობის გამოცდილება. იგი გახლავთ ერთ-ერთი მოწინავე უნივერსიტეტის დამფუძნებელი, მისი რექტორობის პერიოდში ამ უნივერსიტეტმა ბევრ წარმატებას მიაღწია. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შექმნას ახალგაზრდა, მოტივირებულმა ადამიანმა ძალიან თანამედროვე, ევროპული, დასავლური ხარისხის უნივერსიტეტი“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ღარიბაშვილის თქმით, მიხეილ ჩხენკელმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, ის აკადემიურ საქმიანობას უბრუნდება და მუშაობას გააგრძელებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.

შეგახსენებთ, ახალი მინისტრი 2010-2020 წლებში იყო თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რექტორი და ასოცირებული პროფესორი სამართალში. 

გიორგი ამილახვარი მე-10 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით მოხვდა და მინისტრობამდე, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. 

რაც შეეხება განათლების აწ უკვე ყოფილ მინისტრს, მიხეილ ჩხენკელი უწყების ხელმძღვანელად პირველად 2017 წელს, მეორედ კი 2019 წელს დაინიშნა. 

შაბათის ფორმულამ ჯერ კიდევ გასული წლის 15 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამილახვარის განათლების მინისტრად დანიშვნა იგეგმებოდა, თუმცა, მაშინ ჩხენკელი დეპუტატით არ ჩაანაცვლეს, ამის მიზეზი კი, სავარაუდოდ, ვაკის პარკის ტრაგედიაზე ამილახვარის არაკორექტული კომენტარი გახდა.