LIVE

აუდიტის სამსახურმა საქართველოს რკინიგზის შესყიდვებში დარღვევები გამოავლინა

18 მარ 202315:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 614
აუდიტის სამსახურმა საქართველოს რკინიგზის შესყიდვებში დარღვევები გამოავლინა

კომპანიისთვის გამარჯვებულის სტატუსის უსაფუძვლოდ მინიჭება, არასათანადოდ განსაზღვრული სატენდერო მოთხოვნები, ფულის არარაციონალური ხარჯვა,- ეს იმ ხარვეზების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საქართველოს რკინიგზის“ შესყიდვებში გამოავლინა.

აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სს „საქართველოს რკინიგზის“ 2020-2021 წლების შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი, რომლის შედეგად, ელექტრონული ტენდერების ნაწილში, შემდეგი მიგნებები გამოვლინდა:

პრეტენდენტისთვის გამარჯვებულის სტატუსის უსაფუძვლოდ მინიჭება - ირკვევა, რომ უნიფორმების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული 247 780 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერში ერთადერთმა პრეტენდენტმა დაზუსტებული ფასების ცხრილში ორ პოზიციაზე შეცვალა მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა, რის გამოც ექვემდებარებოდა დისკვალიფიკაციას. ამის ნაცვლად კი, „საქართველოს რკინიგზამ“ კომპანიას 92 642 დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა.

შესყიდვების კანონმდებლობის ხარვეზი - 2021 წელს გამოცხადებულ, სამგზავრო გადაყვანების მართვის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის 1 400 000 ლარიან, ტენდერში რკინიგზამ იმ პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია განახორციელა, რომელიც ყველაზე იაფად სთავაზობდა სერვისს. საბოლოოდ, კომპანიამ გააფორმა 8 600 ლარით მეტი ღირებულების ხელშეკრულება სხვა პრეტენდენტთან. ეს იმ პირობებში, როდესაც შესყიდვების კანონმდებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვაა.

არასათანადოდ განსაზღვრული სატენდერო მოთხოვნები - რკინიგზამ 2021 წელს გამოაცხადა 282 374 ლარის სავარაუდო ღირებულების ელექტრონული ტენდერი ლოკომოტივის სასინჯი თხრილის შეკეთების სამუშაოების შესყიდვისთვის.

პრეტენდენტს უნდა ჰქონოდა, მინიმუმ, რკინა-ბეტონის მოწყობის, რკინა-ბეტონის კიბეების მოწყობის და ელგაყვანილობის განხორციელების გამოცდილება და წარმოედგინა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები. ტენდერში მონაწილე ერთადერთმა პრეტენდენტმა, შპს „სამშენებლო კომპანია ბარსიმ“, გამოცდილების დასადასტურებლად წარადგინა ტენდერის გამოცხადებიდან 5 დღის შემდეგ ფიზიკურ პირთან გაფორმებული 420 ლარის ღირებულების ხელშეკრულება ეზოს მოწყობის სამუშაოებზე. ეს კომპანია გამოცხადდა გამარჯვებულად და გაფორმდა 90 143 დოლარის ხელშეკრულება.

მიმწოდებელმა შეძლო სამუშაოების მხოლოდ 15%-ის შესრულება. შესაბამისად, აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ "საქართველოს რკინიგზის" მხრიდან სატენდერო დოკუმენტაციაში მოთხოვნები არ იყო სათანადოდ განსაზღვრული, რის გამოც ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა არასაკმარისი გამოცდილების მქონე კომპანია, რომელმაც ვერ შეძლო ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოების შესრულება.

ხელშეკრულების ღირებულების დაუსაბუთებლად გაზრდა - 2020 წელს გამოცხადდა 1 080 000 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი ჯართის და ფერადი ლითონის დახარისხების, ტრანსპორტირებისა და დასაწყობების მომსახურების შესყიდვისთვის, რომლის ხელშეკრულებაში სათანადო დასაბუთების გარეშე შევიდა ცვლილება და ღირებულება გაიზარდა 39 000 ლარით. კონტრაქტორმა ხელშეკრულების ღირებულების ცვლილების მიზეზად დაასახელა ჯართის დახარისხების ადგილამდე 24 კმ სიგრძის გზის გაყვანისა და მოსწორების საჭიროება, თუმცა დოკუმენტებით არ დასტურდება ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ხელის შემშლელი გარემოებების წარმოშობის ფაქტი.

ამას გარდა, აუდიტის სამსახური მიუთითებს ფულადი სახსრების არარაციონალური ხარჯვის რისკებზეც. კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რკინიგზის ელექტრონული ტენდერებისა და შესყიდვის ელექტრონული პროცედურების მნიშვნელოვან ნაწილში განსაზღვრული ანგარიშსწორების გრძელვადიანი პერიოდი, შესაძლოა ამცირებდეს პოტენციური პრეტენდენტების მიერ ტენდერებში მონაწილეობის მოტივაციას და კონკურენციის დონეს, რაც ქმნის შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების არარაციონალური ხარჯვის რისკს.

გამოვლინდა ბაზრის კვლევის ნაკლოვანებები. „საქართველოს რკინიგზამ“ ზოგიერთ შემთხვევაში ბაზრის კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა, რაც არ შეესაბამება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მოთხოვნას.

"წარმოდგენილი ბაზრის კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უმეტეს შემთხვევებში არ არის სისტემატიზებული და სრულყოფილი. სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სხდომის ოქმები არ არის შედგენილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციის შესაბამისად. აღნიშნულის შედეგად, აუდიტის ჯგუფი ვერ დარწმუნდა − კომპანიის მიერ განხორციელებული ბაზრის კვლევა უზრუნველყოფს თუ არა კონკურენტული გარემოს შექმნას და ფულადი სახსრების რაციონალურ განკარგვას",- აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

ცნობისთვის, სს "საქართველოს რკინიგზა" 2012 წლიდან საპარტნიორო ფონდის საკუთრებაში იყო, ხოლო მიმდინარე წელს მისი 100%-იანი წილი საპარტნიორო ფონდიდან საქართველოს მთავრობას გადაეცა.

სახელმწიფო კომპანიის მიერ, 2020-2021 წლების სახსრებით, სხვადასხვა მიმწოდებლებთან გაფორმებულია ჯამში 256 773 760 ლარის ღირებულების 761 ხელშეკრულება.