დღევანდელი სწრაფად განვითარებადი სამყარო თითოეული ჩვენგანისგან მოითხოვს ფეხის აყოლას. წინა საუკუნეში დაწყებული ტექნოლოგიური განვითარების ტრაექტორიას დღეს არნახული სისწრაფით მიუყვება ბიზნესის ყველა სფერო. ასეთ პირობებში ეფექტური მენეჯმენტი კომპანიის წარმატებისა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების აუცილებელი წინაპირობაა. საბედნიეროდ, ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე ბიზნესის მფლობელებს აქვთ წვდომა მრავალფეროვანი დანიშნულებისა და ფუნქციის პროგრამებზე, რომლებიც ოპერაციების სრული ციკლის სწრაფ, უწყვეტ და ეფექტურ მსვლელობას უზრუნველყოფს.
თითოეული მულტიფუნქციური პროგრამა ბიზნესის მიზნებისთვის არის სპეციფიკური და, შესაბამისად, დანიშნულებითა და ფუნქციონალით განსხვავდება ერთმანეთისგან. დღევანდელი სტატიის მიზანია, გაგაცნოთ პოპულარული პროგრამები, რომლებსაც წარმატებული ბიზნესები აქტიურად ნერგავენ დღის წესრიგში.
მომხმარებელთან ურთიერთობის პროგრამა (CRM)
CRM-ის პროგრამა მომხმარებელთან კომუნიკაციისა და გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნებისთვის არის აუცილებელი. მაღალი კონკურენციის პირობებში მომხმარებლის კმაყოფილების მოპოვება წარმატებისთვის გადამწყვეტი ფაქტორია. CRM პროგრამის დახმარებით, ბიზნესებს შეუძლიათ ერთ სივრცეში მოუყარონ თავი კლიენტების შესახებ ინფორმაციას და რეგულარულად განაახლონ მონაცემთა ბაზა. ამასთან ერთად, პროგრამა ამარტივებს მომხმარებელთან ურთიერთობის პატერნის შესწავლას და აგროვებს გაყიდვების შესახებ ინფორმაციას.
მიღებული ინფორმაციით ანალიტიკური გუნდი აკვირდება მომხმარებლის პრეფერენციებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას პროდუქტებთან და სერვისებთან დაკავშირებით. ამ გზით ბიზნესებს შეუძლიათ კლიენტთან ინტერპერსონალური კომუნიკაციის დამყარება, რაც მომავლის პერსპექტივაში კმაყოფილ მომხმარებელს ნიშნავს. მყიდველის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე კი, კმაყოფილება ბიზნესისთვის შემოსავლის ზრდაში გადაითარგმნება.
პროექტ-მენეჯმენტის პროგრამა
კოვიდ პანდემიის პირობებში ბიზნესების უმრავლესობას დისტანციურ რეჟიმზე მოუწია გადასვლა. მიუხედავად ეპიდ-სიტუაციის გაუმჯობესებისა, ზოგიერთი მათგანი დღემდე აგრძელებს სრულად დისტანციურ ან ჰიბრიდულ რეჟიმზე მუშაობას. ამ პირობებში, განსაკუთრებული ყურადღება გუნდური მუშაობასა და ორგანიზებულობის შენარჩუნებას დაეთმო, რაზეც პროექტ-მენეჯმენტი არის პასუხისმგებელი.
პროექტ-მენეჯმენტის პროგრამა ისეთი ბიზნესებისთვისაა მნიშვნელოვანი, რომლებიც რთულ, კომპლექსურ პროექტებზე მუშაობენ და რამდენიმე გუნდის კოლაბორაციაზე არიან დაფუძნებული. პროგრამის საშუალებით, ბიზნესებს შეუძლიათ გაწერონ დავალებები, დააწესონ დედლაინები, თვალი ადევნონ პროგრესს და, რაც მთავარია, უზრუნველყონ გუნდის წევრებს შორის ეფექტური კომუნიკაცია. ამ გზით, ბიზნესის მფლობელებს შეუძლიათ დარწმუნდნენ, რომ თითოეული პროექტი დროისა და ბიუჯეტის წინასწარ გაწერილ ლიმიტში ჯდება. პროექტ-მენეჯმენტის პროგრამის გრძელვადიანი მიზანი ორგანიზაციული წესრიგისა და პროდუქტიულობის შენარჩუნებაა.
საბუღალტრო პროგრამა
მართებული ბიზნეს-გადაწყვეტილებების მიღება ზუსტი ფინანსური მონაცემების გარეშე წარმოუდგენელია. საბუღალტრო პროგრამის მთავარი ფუნქცია ბიზნესის ფინანსური ინფორმაციისა და პროცესების მართვაა. პროგრამის დახმარებით შესაძლებელია საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება, ინვოისების, ხელფასებისა და გადასახადების მენეჯმენტი.
საბუღალტრო პროგრამა ბიზნესებს საშუალებას აძლევს, უფრო ეფექტურად მართონ კომპანიის ფინანსები, აკონტროლონ შემოსავალი და ხარჯები და აწარმოონ რეპორტები სამომავლო ანალიზისთვის. ამასთან ერთად, პროგრამის გამოყენებით ბიზნესის მფლობელებს რეგულატორულ ნორმებთან შესაბამისობაც შეუძლიათ დაადგინონ და, შედეგად, თავი აარიდონ ფინანსურად წამგებიან შეცდომებს.
საწყობის მენეჯმენტის პროგრამა
საწყობის მენეჯმენტი თითოეული ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი პროცესია, მიუხედავად კომპანიის ზომისა. მაგრამ აღნიშნული პროცესი პატარა კომპანიისთვის შესაძლოა გარკვეულ სირთულეებთან იყოს დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბიზნესს მარაგების მართვისთვის სპეციალურად გამოყოფილი გუნდი არ ჰყავს. ასეთ შემთხვევაში, პროგრამა ჩაანაცვლებს ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდს და საწყობის მართვას გაამარტივებს, გასაწევ ხარჯებს კი მნიშვნელოვნად შეამცირებს.
საწყობის მართვის პროგრამის დახმარებით რეგულარულად კონტროლდება მარაგის დონე და შეკვეთები. პროგრამა გზავნის გამაფრთხილებელ შეტყობინებას, როდესაც საწყობში კონკრეტული პროდუქტის დონე იკლებს, შედეგად, ბიზნესებს შეუძლიათ თავიდან აიცილონ საქონლის არასრული ან ჭარბი მომარაგება. პროგრამას შეკვეთების მიღებისა და გაყიდვების პროცესშიც აქტიურად გამოიყენებენ. საბოლოოდ, საწყობის მართვის პროგრამა კომპანიას დანახარჯების შემცირებაში, მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზირებასა და მომხმარებელთა კეთილგანწყობის მოპოვებაში ეხმარება.
კომუნიკაციისა და კოლაბორაციის პროგრამა
კომუნიკაციისა და კოლაბორაციისთვის საჭირო ინსტრუმენტები თანამედროვე ბიზნეს-სამყაროში აქტიურად გამოიყენება, განსაკუთრებით დისტანციურ სამუშაო პირობებში. პროგრამის დახმარებით გუნდის წევრებს ერთმანეთთან სწრაფი კომუნიკაცია აქვთ უზრუნველყოფილი დროითი თუ სივრცითი დისტანციის მიუხედავად.
ადამიანური რესურსების (HR) პროგრამა
ბიზნესის წარმატება შეუძლებელია თანამშრომელთა ეფექტური მენეჯმენტის გარეშე. ამ პროცესის გამართული მუშაობისთვის შეიქმნა HR პროგრამა. პროგრამა განსხვავებული ინსტრუმენტებისა და ფუნქციონალების ერთიანობას წარმოადგენს და მისი საშუალებით შესაძლებელია თანამშრომელთა ბაზისა და ინდივიდუალური პროფილების წარმოებას, შრომის შეფასებასა და კომპენსაციების გაცემას უზრუნველყოფა და ა.შ.
ბიზნესები HR პროგრამას განსხვავებული მიზნებისთვის იყენებენ საქმიანობის სპეციფიკიდან და კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე. პროგრამა ისეთი ძირეული პროცესების ნაწილია, როგორიცაა თანამშრომლის შერჩევის სრული ციკლი, ვაკანსიის განთავსების, გასაუბრების დაორგანიზებისა და შეთავაზებების გაკეთების ჩათვლით. HR პროგრამის როლი ონ-ბორდინგის პროცესშიც მნიშვნელოვანია, რადგან პროგრამის დახმარებით თანამშრომლის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და საბუთების მოწესრიგება არის უზრუნველყოფილი. პროგრამა HR-ის გუნდს სამუშაო დროის აღრიცხვასა და დასაქმებულთა დასწრების კონტროლშიც ეხმარება.
რომ შევაჯამოთ, ზემოთ განხილული თითოეული პროგრამის მკაფიო მიზანი ბიზნესის ეფექტური მუშაობაა. პროგრამების ვრცელი ჩამონათვალი მოიცავს პროექტ-მენეჯმენტის, ფინანსური და ადამიანური რესურსების აპლიკაციებს. სამუშაო პროცესებში პროგრამების დანერგვით ბიზნესებს ოპერაციების უწყვეტი მსვლელობა შეუძლიათ უზრუნველყონ, შეამცირონ ადმინისტრაციული სამუშაოს მოცულობა და გაზარდონ საერთო პროდუქტიულობა.
მთავარი გასაღები ბიზნესის საჭიროებების განსაზღვრა და ისეთი პროგრამის შერჩევაა, რომელიც კონკრეტულ საჭიროებებზე ყველაზე უკეთ არის მორგებული.
(R)