
„გალტ & თაგარტის“ მონაცემებით, საქართველოს საავტომობილო ბაზარზე 2023 წლის მოლოდინები პოზიტიურია.
კვლევის თანახმად, წელს მოსალოდნელია მეორადი ავტომობილების ფასების და ტრანსპორტირების ხარჯების შემცირება.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ავტორიზებული დილერები საშუალოდ 15%-20%-იან წლიურ ზრდას ელოდებიან გაყიდვებში, თუმცა, მიწოდებასთან და ფასებთან დაკავშირებული შეზღუდვები შესაძლოა 2023 წელსაც გაგრძელდეს. „გალტ & თაგარტში“ აცხადებენ, რომ ზოგიერთი ბრენდი განსაკუთრებით მოწყვლადია ამ გამოწვევების მიმართ.
„დაფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ახალი მანქანების ბაზრის განვითარებას საქართველოში, 0-2 წლის ავტომობილების გაყიდვებში დილერების დაბალი წილის გათვალისწინებით.
მეორადი ავტომობილების ბაზარზე ასევე არსებობს ზრდის შესაძლებლობა, განსაკუთრებით რეგიონებში“, - აღნიშნულია კვლევაში „ავტომობილების ბიზნესი საქართველოში“.
რაც შეეხება 2022 წლის შედეგებს, „გალტ & თაგარტის“ ინფორმაციით, გასული წელი საქართველოში საავტომობილო ბიზნესისთვის რეკორდული იყო. ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე გაზრდილი მოთხოვნის შედეგად, ავტომობილების იმპორტი წლიურად 73.1%-ით გაიზარდა და 1.6 მლრდ დოლარი შეადგინა. ამასთან, საქართველოში მსუბუქი ავტომობილების რე-ექსპორტი გაორმაგდა და 904 მლნ დოლარს გაუტოლდა, ხოლო საექსპორტო ბაზრების სტრუქტურა შეიცვალა, რაც ევრაზიული კავშირისგან გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება.
კვლევის მიხედვით, გლობალურად, ახალი ავტომობილების დეფიციტმა 2021-2022 წლებში ახალ და მეორად ავტომობილებზე ფასები გაზარდა.
„2021-2022 წლებში საქართველოს ავტომობილების ბიზნესი გლობალურის მსგავსი გამოწვევების წინაშე იდგა, ავტომობილებზე მიწოდების შეზღუდვებსა და გაზრდილ ფასებს თან ერთოდა გაზრდილი სატრანსპორტო ხარჯები“, - აცხადებენ „გალტ & თაგარტში“.
შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარში საქართველოდან რუსეთში ექსპორტზე 507 მსუბუქი ავტომობილი გავიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი 434%-ითაა გაზრდილი.
მსუბუქი ავტომობილები პირველ ადგილზეა საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო კატეგორიაში. იანვარში, ავტომობილების ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა ჯამურად 104.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთელი ექსპორტის 22.7%-ია.