LIVE

Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო 9 ადგილით ჩამოქვეითდა

16 მარ 202311:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 884
Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო 9 ადგილით ჩამოქვეითდა

Heritage Foundation-ის 2023 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო 9 ადგილით ჩამოქვეითდა და "მეტწილად თავისუფალი" ქვეყნების ჯგუფიდან "ზომიერად თავისუფალი" ქვეყნების ჯგუფში გადაინაცვლა. 

კერძოდ, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ქულა 68,7-ია და 2023 წლის ინდექსში შემავალი 176 ქვეყნის სიაში 26-ედან 35-ე ადგილზე გადაინაცვლა. 

საქართველო ევროპის რეგიონის 44 ქვეყანას შორის 21-ე ადგილზეა. გასულ წელს ის ევროპის 45 ქვეყნიდან მე-18 ადგილს იკავებდა. 

12 ქვეკატეგორიიდან საქართველოს მონაცემები გაუარესებულია 8-ში და გაუმჯობესებულია მხოლოდ შრომის თავისუფლების და ფინანსური თავისუფლების ნაწილში.

ინდექსი ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას სულ 4 კატეგორიით აფასებს. თითოეული კატეგორია 3 ქვეკატეგორიას მოიცავს. 

2021 წლის ინდექსის თანახმად, საქართველო, 77,2 ქულით, მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის ქვეყნებს შორის მე-7 ადგილზე იყო. ორი წლის განმავლობაში, ქვეყნის რეიტინგი 23 ადგილით გაუარესდა. 

რეიტინგში ჩამოქვეითების მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ მსოფლიო რეიტინგში ქვეყანა კვლავ მოწინავე პოზიციებზეა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლოდ უთხრეს.

მიღწეული შედეგით კმაყოფილებას გამოხატავს საქართველოს მთავრობაც, რომელიც გავრცელებულ პოსტში ყურადღებას 12-დან მხოლოდ ერთ ქვეკატეგორიაზე ამახვილებს და აცხადებს, რომ საქართველო ლიდერია კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მხოლოდ ბალტიის ქვეყნებს ჩამორჩება.  

ინდექსში 1-ელ ადგილს იკავებს სინგაპური, მას შვეიცარია, ირლანდია და ტაივანი მოსდევს. სიის ბოლო სამეულში ვენესუელა, კუბა და ჩრდილოეთ კორეა შედიან. 

რუსეთი გლობალურ რეიტინგში 125 ადგილს იკავებს და "უმეტესად არათავისუფალ" ქვეყნებში შედის. თურქეთი 104 ადგილზეა, აზერბაიჯანი 75-ე, სომხეთი კი - 50-ეზე. 

Heritage Foundation-ის 2023 წლის ინდექსში უკრაინის მაჩვენებლები შეფასებული არ არის.