
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში რუსეთიდან საქართველომ 187.3 მლნ დოლარის ფულადი გზავნილი მიიღო. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გზავნილები 754%-ითაა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ თებერვლის გზავნილების სტატისტიკაში რუსეთი პირველ პოზიციაზეა.
წინა თვეში საქართველომ ფულადი გზავნილებიდან ჯამში 372.3 მლნ დოლარის შემოსავლები მიიღო. ამ თანხის 50% კი, რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა.
სებ-ის მონაცემები აჩვენებს, რომ თებერვალში, იანვართან შედარებით, ფულადი გზავნილები შემცირდა, თუმცა წლიურ ჭრილში 103%-ით გაიზარდა.
თებერვალში საქართველომ ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემდეგი ქვეყნებიდან მიიღო:
- რუსეთის ფედერაცია - $187.3 მლნ / წლიური ზრდა 754%;
- იტალია - $38.9 მლნ / ზრდა 18%;
- აშშ - $30.5 მლნ / ზრდა 44%;
- საბერძნეთი - $17.4 მლნ / ზრდა 12%;
- ისრაელი - $16.4 მლნ / ზრდა 16%;
- გერმანია - $14.7 მლნ / ზრდა 29%;
- ყაზახეთი - $12.9 მლნ / კლება 6%;
- თურქეთი - $8.8 მლნ / ზრდა 19%;
- ყირგიზეთი - $6.2 მლნ / ზრდა 83%;
- ესპანეთი - $4.3 მლნ / კლება 2%.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ფულადი გზავნილები გადმოირიცხა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანამ ფულადი გზავნილების სახით 4.4 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც ისტორიული მაქსიმუმი იყო და 2021 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულ მაჩვენებელს წარმოადგენდა.
2022 წელს ქვეყნებს შორის ლიდერი რუსეთის ფედერაცია იყო, საიდანაც გადმორიცხვები წლიურ ჭრილში 5-ჯერ გაიზარდა. გასულ წელს რუსეთიდან 2 მილიარდ დოლარზე მეტი გადმოირიცხა, რაც მთლიანი გზავნილების 47.29%-ს შეადგენდა.