სარეიტინგო სააგენტო Ficth-ი მიიჩნევს რომ პანდემიის ფონზე მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სესხები, შესაძლოა გრძელვადიან პერიოდში საბანკო სისტემისთვის რისკის შემცველი იყო. სააგენტოს ასოცირებული დირექტორი კიტ იუნგი "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას ამბობს, რომ მსგავსი სესხების "ბედი გაურკვეველია".
ქართული საბანკო სექტორის პერსპექტივა სარეიტინგო სააგენტომ ნეგატიურად ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებისას შეცვალა. მიუხედავად მისა, Ficth მიიჩნევს რომ ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება, რადგან მათთვის ამის გარანტი ეროვნული ბანკია.
"ბანკების ნეგატიური პერსპექტივა პანდემიას და მისგან გამოწვეულ კრიზისს უკავშირდება. რისკები დღესაც შენარჩუნებულია. 2021 წელი გამოწვევებით სავსე წელი იქნება საბანკო სექტორისთვის. რისკებს შორის რჩება უცხოური ვალუტის სესხების მაღალი წილი. დღეს საბანკო სესხების თითქმის ნახევარი უცხოურ ვალუტაშია გაცემული. გაურკვეველია თუ რა ბედი ეწევა მთავრობის მიერ მხარდაჭერილ სესხებს", - ამბობს კიტ იუნგი და აღნიშნავს რომ სექტორში ვადაგადაცილებული სესხების ზრდის დინამიკა 2021 წელსაც შენარჩუნდება.
"არსებული არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა ნეგატიურად აისახება ბანკების მოგებსა და კაპიტალიზაციაზე. მიუხედავად ამისა, გვჯერა რომ ეროვნული ბანკი პროაქტიული მონეტარული პოლიტიკის გატარებას განაგრძობს, საიმისოდ რომ შეინარჩუნოს ფინანსური სტაბილურობა. ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯების მიმართ ჩვენი ნდობა საკმაოდ მაღალია", - ამბობს Ficth-ის ასოცირებული დირექტორი.
გასული წელი საბანკო სექტორმა 99 მლნ ლარის მოგებით დაასრულა, რაც წლიურად თითქმის 10-ჯერ შემცირებული მაჩვენებელია. მიზეზი პანდემიის ფონზე დამატებითი რეზერვების შექმნის მოთხოვნა გახდა.
ბანკებმა მარტიდან დაიწყეს სესხების რესტრუქტურიზაცია და პირველ ეტაპზე სესხი 6 თვით ყველა მსესხებელს გადაუვადდ. ზაფხულიდან დაიწყო იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა, რომლის ფარგლებში სესხის პროცენტის 4%-ს სახელმწიფო აფინანსებდა. ამასთან სახელმწიფო სესხებზე გარანტიასაც გასცემდა.