LIVE

დაიწყებს თუ არა კონკურენციის სააგენტო მედიკამენტების გაძვირებაზე მოკვლევას?

13 მარ 202316:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 342
დაიწყებს თუ არა კონკურენციის სააგენტო მედიკამენტების გაძვირებაზე მოკვლევას?

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, ფარმაცევტულ ბაზართან მიმართებაში ამ დრომდე წინასწარი შეფასების პროცესი მიმდინარეობს და ჯერ არაა გადაწყვეტილი, დაიწყება თუ არა უშუალოდ მოკვლევის პროცესი.

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, გასულ პერიოდში რამდენიმე კომპანიამ თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე ერთდროულად გაზარდა ფასები. მისი თქმით, მათ ფარმაცევტული კომპანიებისგან შესაბამისი განმარტებები უკვე მიიღეს და ამჟამად საკითხის წინასწარი შეფასება მიმდინარეობს.

„ფაქტი სამწუხარო იყო, მოულოდნელად, დროში ფაქტობრივად ერთდროულად რიგ მედიკამენტებზე, მათ შორის ყველა მოთხოვნად და თურქულ მედიკამენტებზე ფასი გაიზარდა. კარგია, რომ საკითხი რამდენიმე დღეში ამოიწურა. ჩვენ ამ ფაქტის წინასწარ შეფასებას ვახორციელებთ და კომპანიებისგან მიღებული გვაქვს რიგი განმარტებები, ვაგრძელებთ კომუნიკაციას და თუ მოკვლევას დავიწყებთ, საზოგადოებას ვაცნობებთ. მოკვლევის დაწყების შემთხვევაში, საფუძველი არის პრაქტიკულად ერთდროულად ფასის ზრდა. თუმცა ჩვენ გვაინტერესებს, იყო თუ არა ეს გარკვეულ ტექნიკურ და ობიექტურ გარემოებებთან დაკავშირებული. თუ იმ მედიკამენტების ბაზარზე, სადაც მოხდა აღნიშნული გაძვირება, მათი ჩამნაცვლებლები ბაზარზე იქნებიან დომინანტი კომპანიები, ამ შემთხვევაში, შეიძლება საკითხი განხილული იყოს როგორც მომხმარებლისთვის ჭარბი ფასის დაწესება. ეს წინასწარი ვარაუდებია და დავიწყებთ თუ არა მოკვლევას, ამაზე შემდეგ ვრცლად ვისაუბრებთ“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა ჰოლდინგური ფარმაცევტული კომპანიები წამლების გაძვირებასა და კარტელურ გარიგებებში დაადანაშაულა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საქართველოში მედიკამენტებზე ფასის ზედა ზღვრის დაწესების შემდეგ, აფთიაქების უმეტესობაში წამლები გაძვირდა. მინისტრი აღნიშნავდა, რომ სავარაუდოდ, საქმე სააფთიაქო ქსელებს შორის შეთანხმებულ ქმედებებს ეხებოდა.