LIVE

ლექვინაძე: თუ არსებული მოცემულობა შენარჩუნდება, საწვავი მარტშიც გაიაფდება

13 მარ 202315:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 293
ლექვინაძე: თუ არსებული მოცემულობა შენარჩუნდება, საწვავი მარტშიც გაიაფდება

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი ბაზარზე არსებული ვითარება შენარჩუნდება, შესაძლოა საწვავი მარტშიც გაიაფდეს.

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ფასების შემდგომი კორექტირება ლარის კურსის და საერთაშორისო ბაზარზე ფასების სტაბილურობაზეა დამოკიდებული.

ამასთან, კონკურენციის სააგენტოში აცხადებენ, რომ საწვავის ბაზართან დაკავშირებით მოკვლევა დასკვნით ეტაპზეა და მისი დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, ფიქსირდება თუ არა ნავთობიმპორტიორი კომპანიების მხრიდან დარღვევა.

„საწვავის ბაზართან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს და ჩვენ პრაქტიკულად დასკვნით ეტაპზე ვართ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითქმის დასრულებული გვაქვს 2022 წლის 8 თვის მოვლენების ეკონომიკური ანალიზი. საბოლოო ჯამში, არის თუ არა დარღვევა, ეს მოკვლევის დასრულების შემდეგ გამოცხადდება. პრემიერთან შეხვედრაზე ბაზარზე არსებული ვითარება განვიხილეთ. ვითარება კი დღეს ასეთია - თებერვალში საწვავის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა, ყველა ტიპის საწვავი 30-40 თეთრით გაიაფდა. თუ იგივე მოცემულობა დარჩება, რაც კურსის სტაბილურობას, საერთაშორისო ბაზარზე ფასების სტაბილურობას გულისხმობს, ჩვენ მარტშიც უნდა ველოდოთ ფასების შემცირების მიმართულებით გარკვეულ კორექტირებას“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ცნობისთვის, თებერვლის დასაწყისში პრემიერმინისტრმა ნავთობპროდუქტების იმპორტიორები მაღალი მოგების მარჟების გამო გააკრიტიკა. ღარიბაშვილის განცხადებით, მონაცემები აჩვენებს, რომ 1 ლიტრ ბენზინზე ფასნამატი თითქმის 1 ლარია, რაც მისი თქმით, მიუღებელია.

ამასთან, კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზარზე მოკვლევა შარშან დაიწყო. მოკვლევა 5 მსხვილი რეალიზატორი ნავთობიმპორტიორი კომპანიის მიმართ მიმდინარეობს, რომელიც ეხება ბაზარზე შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქცევას ან შესაძლო შეთანხმებულ ქმედებას.