LIVE

Reuters, BBC, CNN - უცხოური მედია რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში გამართულ აქციაზე წერს

08 მარ 202312:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 754
Reuters, BBC, CNN - უცხოური მედია რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში გამართულ აქციაზე წერს
REUTERS/Irakli Gedenidze

Reuters, BBC, CNN, Bloomberg, The Guardian, AP News, Deutsche Welle და სხვა ცნობილი დასავლური მედია საქართველოში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას აშუქებს. 

BBC წერს, რომ პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ხალხის დასაშლელად სპეცრაზმმა წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. მომიტინგეების ნაწილი დაეცა და ახველებდა, ნაწილი კი ევროკავშირისა და საქართველოს დროშებს აფრიალებდა. 

"კანონის მიღებით საქართველო შეუერთდება არადემოკრატიული და ავტორიტარული პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების სიას, როგორიცაა ბელარუსი, ტაჯიკეთი და აზერბაიჯანი, რომლებმაც დააკოპირეს რუსეთის კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვის შესახებ", - წერს BBC.

მასალაში ასევე აღნიშნულია, რომ ისტორიულად, ტერმინ „აგენტს“ რუსეთსა და საქართველოში აქვს „ჯაშუშის“ და „მოღალატის“ მნიშვნელობა, რაც სამოქალაქო საზოგადოების მუშაობას ნეგატიურ კონოტაციას აძლევს.

CNN-ის თანახმად, მომიტინგეების შეძახილები, ქართველი პოლიტიკოსების და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ შეურაცხმყოფელი მიმართვები, ხაზს უსვამს შიშს, რომ კანონპროექტი მიყვება მეზობელ რუსეთში არსებული საკამათო კანონის მოდელს, რომელმაც უკვე დააწესა დრაკონული შეზღუდვები და მოთხოვნები უცხოური კავშირების მქონე ორგანიზაციებსა და პირებზე.

AP News ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთში, უცხოელი აგენტების კანონი ხშირად გამოიყენება ორგანიზაციებისა და საინფორმაციო საშუალებების დახურვისთვის, რომლებიც კრიტიკულ მოსაზრებებს ავრცელებენ. ქართველმა სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის ორივე შესასვლელი გადაკეტეს და სკანდირებდნენ: „არა რუსეთის კანონს!“ "რუსები!" "მონები!"

Reuters წერს, რომ საქართველოს მთავრობას ბოლო წლებში ხშირად აკრიტიკებენ დამკვირვებლები, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიდის. ივნისში, ევროკავშირმა უარი თქვა მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და ეს პოლიტიკური და სასამართლო რეფორმების შეფერხებით ახსნა.

გამოცემები დეტალურად აღწერენ როგორც აქციის მიმდინარეობას, ასევე, უკანასკნელ დღეებში რუსული კანონის მიმართ გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების გამოხმაურებებს. 

ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონის გასაპროტესტებლად თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა. 

აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი. სპეცრაზმმა გამოიყენა რეზინის ტყვიებიც. 

პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს".

შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე გამართულ მშვიდობიან აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს.