LIVE

გაზის საცავები 61%-ით სავსეა - როგორ ცდილობს ევროკავშირი ენერგიის ფასის შემცირებას

11 მარ 202313:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 460
გაზის საცავები 61%-ით სავსეა - როგორ ცდილობს ევროკავშირი ენერგიის ფასის შემცირებას

ენერგოპოლიტიკაში ევროკავშირის ამჟამინდელი მიზანი რესურსებზე ფასების შემცირება და სამომავლოდ სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფაა. 

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, მაროს სეფკოვიჩის განცხადებით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოსა და მათთან ერთად 3 მეზობელ ქვეყანას ჯამში 24 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი დასჭირდებათ. ტენდერი აპრილში გამოცხადდება. ბუნებრივი გაზის ახალ მიმწოდებლებად ევროკავშირი განიხილავს აშშ-ს, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რამდენიმე სახელმწიფოს, რომლებთანაც კონტრაქტების გაფორმებას კავშირი ივნისისთვის იმედოვნებს. 

გაზის ერთობლივად შესყიდვა ევროკავშირისთვის გახდა ერთგვარი ინსტრუმენტი, რომელმაც გაერთიანებას ენერგეტიკაში დახარჯული თანხა შეუმცირა. ცხადია, ახალი გამოწვევა კავშირისთვის უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ შეიქმნა, თუმცა, გასული ზამთრის გამოცდილებიდან გამომდინარე, სამომავლო პროგნოზებიც პოზიტიურია. ევროპა კვლავ აგრძელებს სტაბილური ალტერნატიული მიმწოდებლების მოძიებას, მომდევნო თვის ტენდერიც სწორედ ამას უკავშირდება. 

მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში გაზისა და ელექტროენერგიის ამჟამინდელი ფასები ისტორიულ მაქსიმუმზე ბევრად დაბალია, ისინი მაინც ზრდიან სამომხმარებლო ინფლაციასა და ასუსტებენ ადგილობრივი მწარმოებლების კონკურენტუნარიანობას ამერიკულ და ჩინურ კომპანიებთან.

“მჯერა, ჩვენ ვქნით ახალ სისტემას, რომელიც გაზრდის კონკურენციას, შემოიყვანს ახალ მომწოდებლებს და დაწევს ფასებს ენერგოპროდუქტებზე. მას შემდეგ, რაც ამაზე მუშაობა დავიწყეთ, უზარმაზარი ინტერესი გამოითქვა საერთაშორისო მომწოდებლებისაგან” - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მაროს სეფკოვიჩმა. მისი ინფორმაციით, თანამშრომლობის ინტერესს უკვე 50-ზე მეტი გაზის მიმწოდებელი საერთაშორისო კომპანია გამოთქვამს.

გასულ წელს ევროკავშირმა შემოიღო რამდენიმე გადაუდებელი რეგულაცია, რათა ენერგორესურსებზე ფასები უპრეცედენტოდ ზრდა არ დაეშვა. მაგალითისთვის, ევროკავშირმა სავალდებულო გახადა ბუნებრივი გაზის სავალდებულო რეზერვის 15%-ით შევსება, რაც 13,5 მილიარდ ტონას წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ეს მაინც მხოლოდ მცირე ნაწილია თუნდაც იმ 338 მილიარდი კუბური მეტრი გაზისა, რომელიც ევროკავშირმა 2021 წელს იყიდა. 

15 მარტს ევროკავშირი დაიწყებს ენერგეტიკულ პლატფორმაზე გაზის შეძენით დაინტერესებული კომპანიების რეგისტრაციას, მოიძიებს საუკეთესო შეთავაზებებს მომწოდებლებისგან და დადებს კონტრაქტებს საბოლოო მომხმარებლებთან. სპეციალური აგენტები უზრუნველყოფენ საბროკერო შეთანხმებების დადებას მიმწოდებლებსა და საბოლოო მომხმარებლებს შორის. 

სეფკოვიჩი პოზიტიურადაა განწყობილი სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით. ევროკავშირი გეგმავს, საწყის ეტაპზე ერთიანად შეისყიდოს ბუნებრივი გაზის გარკვეული რაოდენობა, რათა უზრუნველყოს გაერთიანებისთვის აუცილებელი მინიმალური მარაგის შევსება. 

ევროპის გაზის მარაგი ამ დროისთვის 61%-ით სავსეა, რაც ამ სეზონისთვის ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია. ამის მთავარ მიზეზად შედარებით თბილი ზამთარი სახელდება. მიუხედავად ამისა, როგორც სეფკოვიჩმა განაცხადა, სამომავლო მიწოდებასა და ფასებზე ფიქრი ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა ენერგიის მოხმარების შემცირებაზე შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც 2030 წლისთვის ევროკავშირის მიერ ენერგიის მოხმარება 11.7%-ით უნდა შემცირდეს.