LIVE

გამარტივებული შესყიდვებისთვის დადგენილი ლიმიტები იზრდება

01 მარ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 386
გამარტივებული შესყიდვებისთვის დადგენილი ლიმიტები იზრდება

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, გამარტივებული შესყიდვებისთვის დადგენილი ლიმიტები იზრდება.

პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, შემსყიდველ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ 10 ათას ლარამდე, რიგ შემთხვევაში კი 20 ათას ლარამდე ღირებულების პროდუქცია და მომსახურება გამარტივებული პროცედურებით შეისყიდონ. დღეს მოქმედი კანონის მიხედვით კი ეს ზღვარი 5 ათასი ლარია.

საკანონმდებლო ცვლილებების ავტორი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოა და უწყების ინფორმაციით, ცვლილებების მიზანია ერთი მხრივ, არ შემდგარი ან უარყოფითი შედეგით დასრულებული ელექტრონული ტენდერების რაოდენობის შემცირება, ხოლო მეორე მხრივ, შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის პროცედურების გამარტივება და მოქნილობის გაზრდა.

„ქვეყანაში ამჟამად მოქმედი 4 537 შემსყიდველი ორგანიზაციიდან, უმეტესობა წარმოადგენს მცირე ზომის საგანმანათლებლო დაწესებულებას, ან სოციალურ და მომსახურეობის თემატიკაზე ორიენტირებულ ორგანიზაციას ან საწარმოს, რომლებსაც, ერთის მხრივ, უჭირთ რთული სატენდერო პროცედურების განხორციელებისას ადამიანური რესურსების კომპეტენციის მხრივ, ხოლო, მეორეს მხრივ, ესაჭიროებათ სწრაფი და მყისიერი რეაგირება ბავშვების, ასევე მოსახლეობის სხვა ფენების საჭიროებებზე და, შესაბამისად, სხვადასხვა სახეობის საქონლისა თუ სერვისების შეუფერხებელი შეძენა“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

შესყიდვების კანონში დაგეგმილ ცვლილებებში გარკვეულ რისკებს ხედავს სპეციალისტების ნაწილი.

„დღევანდელი გადასახედიდან, გამარტივებული შესყიდვებისთვის მოქმედი ზღვარი 5 ათასი ლარი, რომელიც დაახლოებით 13 წლის წინ დადგინდა, უკვე მოძველებულია, ინფლაციის და ფასების ზრდის გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, 10 ათას ლარამდე ზღვრის აწევით ფაქტობრივად იმავე სიტუაციას დავუბრუნდებით, როდესაც ეს ლიმიტი 5 ათასი ლარი იყო. თუმცა მეორე მხრივ, 20 ათას ლარიანი ზღვარი შემოდის სხვადასხვა სამუშაოებზე. უმჯობესი იქნებოდა, ეს ორივე ზღვარი 10 ათასი ლარი ყოფილიყო, რადგან ახლა ჩნდება რისკი, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციებმა ხელოვნურად დაიწყონ გადაკვალიფიცირება მაგალითად სამშენებლო სამუშაოებად და ამ გზით სწორედ გამარტივებული შესყიდვის პროცედურით შეიძინონ მომსახურება“, - განუცხადა „ბიზნეს ფორმულას“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსმა ანალიტიკოსმა, ბესო ნამჩავაძემ.

ცნობისთვის, გამარტივებული შესყიდვებისთვის დადგენილი ლიმიტები საჯარო შესყიდვების ახალი კანონითაც იზრდება, რომელიც 2025 წელს უნდა ამოქმედდეს.

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში ამჟამად ინიცირებული ცვლილებებით კი აღნიშნული ზღვარი კანონის მიღებისთანავე ამოქმედდება. ცვლილებების ინიციატორი პარლამენტს აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას სთხოვს.