LIVE

კორპორაციული მდგრადობის აკადემია - ინვესტიცია საზოგადოებისა და ბიზნესის გრძელვადიან კეთილდღეობაში

27 თებ 202313:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 675
კორპორაციული მდგრადობის აკადემია - ინვესტიცია საზოგადოებისა და ბიზნესის გრძელვადიან კეთილდღეობაში

კორპორაციული მდგრადობა კომპასია ბიზნესისა და საზოგადოების გრძელვადიანი და მდგრადი განვითარებისთვის. ყველაფერი კომპანიის ღირებულებების სისტემითა და ბიზნესის კეთებისადმი მიდგომით იწყება. პასუხისმგებლიანი ბიზნესი საქმიანობისას, ადამიანის უფლებებს, შრომით უფლებებს, გარემოსდაცვით საკითხებს და კორუფციის საწინააღმდეგო ქმედებებს ითვალისწინებს.

გაეროს გლობალური შეთანხმება მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივაა, რომელიც 160-ზე მეტ ქვეყანას და 21 ათასზე მეტ ბიზნესს აერთიანებს. მისი მიზანი უკეთესი  მსოფლიოს მისაღწევად, ბიზნესის გაერთიანებაა. გაეროს გლობალური შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს შორისაა საქართველოც, სადაც ადგილობრივი ქსელი, მდგრადი მიდგომების სტიმულირებით და ბიზნესის ჩართულობით, ქვეყნის პროგრესული მომავლის შექმნას უწყობს ხელს.

გარდა ქვეყანაში გაეროს გლობალური შეთანხმების პოპულარიზაციისა და ათ პრინციპთან ბიზნეს ოპერაციების შესაბამისობის გაუმჯობესების მხარდაჭერისა, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) პარტნიორობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, 2020 წელს, კორპორაციული მდგრადობის აკადემია დააარსა.

აკადემიის მიზანია საზოგადოებაში ბიზნესის და ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება, დაინტერესებული მხარეებისთვის ამ თემაზე განათლების ხელმისაწვდომობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება ისეთ თემებზე, როგორიცაა სოციალური, გარემოსდაცვითი და მმართველობითი (ESG) საკითხები.

„არსებობდა რამდენიმე გამოწვევა: ერთის მხრივ, კორპორაციული მდგრადობის სტანდარტების შესახებ ცნობიერება ბიზნესში დაბალი იყო, მეორეს მხრივ, გამოწვევა იყო ამ სფეროში განათლებაზე ხელმისაწვდომობაც საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ ეს გამოწვევები შესაძლებლობად ვაქციეთ და 2020 წელს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან პარტნიორობით, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, დავაარსეთ კორპორაციული მდგრადობის აკადემია საქართველოში“, - ამბობს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე ზურაბიშვილი.

კურსის გავლა საქართველოში მოქმედი ბიზნესის, საჯარო და არასამთავრობო სექტორის ნებისმიერ წარმომადგენელს შეუძლია და იგი მთლიანადაა მორგებული მათ საჭიროებებს.

სასწავლო კურსს  მაღალკვალიფიციური ლექტორები - კერძო და საჯარო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები უძღვებიან.

მონაწილეები ისწავლიან, რას ნიშნავს კორპორაციული მდგრადობა და როგორ აისახება ბიზნესის პასუხისმგებლიანი კეთება კომპანიის წარმატებაზე, საზოგადოების კეთილდღეობასა და გლობალური პრობლემების მოგვარებაზე; გაეცნობიან საუკეთესო პრაქტიკულ მაგალითებს ეთიკური ქცევის შესახებ, ასევე, მეტს შეიტყობენ ლიდერობის როლსა და მნიშვნელობაზე კორპორაციული პასუხისმგებლობის პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.

საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკული მაგალითების განხილვისა და დისკუსიის საფუძველზე, მონაწილეები გამოკვეთენ კორპორაციული მდგრადობის ერთიან სტრატეგიას და შეიმუშავებენ თანმიმდევრულ გზავნილებს თანამშრომლების, მომხმარებლების, ინვესტორებისა და მედიისთვის ბრენდის პასუხისმგებლობის, გარემოსდაცვითი თუ მმართველობითი საკითხების შესახებ.

2022 წელს აკადემიის 60 საათიანი სასერტიფიკატო კურსი გაიარა 42-მა მონაწილემ („რითეილ ასოციაცია“, კომპანია „RMG“, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი).  გარდა ზემოხსენებული კურსებისა,   გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა 5-9 სექტემბერს, ჩაქვში უმასპინძლა კორპორაციული მდგრადობის აკადემიის მდგრადობის საზაფხულო სკოლას, სადაც მონაწილეობა საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების 20-მა სტუდენტმა მიიღო.

კორპორაციული მდგრადობის აკადემიის შემდეგ ნაკადზე რეგისტრაცია 2023 წლის 6 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

(R)