LIVE

ინფრასტრუქტურული კომპანიები ინდექსაციის მოდელის გრძელვადიანად დანერგვას ითხოვენ

25 თებ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 895
ინფრასტრუქტურული კომპანიები ინდექსაციის მოდელის გრძელვადიანად დანერგვას ითხოვენ

ინფრასტრუქტურული კომპანიები სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ინდექსაციის მოდელის გრძელვადიანად დანერგვას ითხოვენ.

როგორც ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადეს, 2022 წლის განმავლობაში სამშენებლო მასალებზე ფასების მკვეთრმა ზრდამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა დარგის ძირითადი გამოწვევები. შესაბამისად, სექტორი ითხოვს, რომ მთავრობამ ინდექსაციის მოდელი არამხოლოდ დროებით, არამედ გრძელვადიანად, საჯარო შესყიდვების კანონმდებლობაშიც გაითვალისწინოს.

„კანონმდებლობამ უნდა გაითვალისწინოს სამშენებლო სფეროსთვის მნიშვნელოვანი ისეთი საკითხი როგორიცაა ინდექსაცია, რაც გულისხმობს რომ საჯარო შესყიდვებში ფასების კორექტირების მექანიზმი უნდა ჩაიდოს. ეს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ფინანსური დაზღვევის მექანიზმი იქნება. 2022 წელს სამშენებლო მასალები მნიშვნელოვნად გაძვირდა და მთავრობამ ინდექსაციის დროებითი მოდელი შემოიღო, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. თუმცა ეს გამოწვევა არაა ერთჯერადი ხასიათის და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო შესყიდვებში ინდექსაციის მოდელი გრძელვადიანად ჩაიდოს. ასეთ მიდგომებს სხვა ქვეყნების პრაქტიკაც ითვალისწინებს“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის იურისტმა, სალომე სულაქველიძემ.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა "საჯარო შესყიდვების შესახებ" ახალი კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც ინდექსაციის მოდელს არ ითვალისწინებს.

სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ინდექსაციის მოდელი შარშან ამოქმედდა, თუმცა ის მხოლოდ 1 აპრილიდან შესრულებულ სამუშაოებსა და 1 მაისამდე გამოცხადებულ ტენდერებზე გავრცელდა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მოდელის ფარგლებში 18 პროექტზე დასკვნა მზადაა, კომპანიებისთვის ჩარიცხული თანხა კი 1.7 მილიონ ლარამდეა, ხოლო 1 ხელშეკრულებასთან დაკავშირებით კომპანიასთან საბოლოო პროცედურებზე თანხმდებიან.