LIVE

რომან გოცირიძე: მთავრობა და „ოცნების“ კლანი ძირს უთხრის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას

24 თებ 202313:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 603
რომან გოცირიძე: მთავრობა და „ოცნების“ კლანი ძირს უთხრის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის შესახებ კანონში დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, სებ-ის დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრას და კლანური გადატრიალების მოწყობას ემსახურება.

მისი თქმით, კანონის მიღების უკან საბჭოს მორჩილი კადრებით დაკომპლექტება დგას. გოცირიძე აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილს მთავრობისთვის სასურველი კანდიდატების დასახელებას აიძულებდნენ და სებ-ის პრეზიდენტად მოქმედი ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი მოიაზრებოდა.

„მთავრობა, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ კლანი ძირს უთხრის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას. ამ საკანონმდებლო ცვლილებებით უნდათ, 4 ყოფილი მინისტრი და მინისტრის მოადგილე დაამატონ სებ-ის საბჭოში. იქ შეკრავენ კლანს, რომლებიც გამოცდილი არიან ივანიშვილის მორჩილებასა და დავალებების შესრულებაში. ეროვნული ბანკი ფაქტობრივად მთლიანად დაკარგავს დამოუკიდებლობას, მაკროეკონომიკურ სტაბილურობას სერიოზული საფრთხე შეექმნება, ამიტომაც გაკრიტიკა სავალუტო ფონდმა და პრეზიდენტმა ვეტო დაადო. ეროვნული ბანკი ფაქტობრივად მინისტრების და მოხსნილი მოადგილეების თავშესაფარი გახდა. კლანური გადატრიალება მზადდებოდა და ჩაფიქრებული იყო, დღევანდელი ფინანსთა მინისტრი დაესვათ ეროვნული ბანკის პრეზიდენტად. ეს ყველაფერი სალომე ზურაბიშვილის ხელით კეთდებოდა, აიძულებდნენ მას, რომ ივანიშვილისთვის და მთავრობისთვის სასურველი კანდიდატურები წარედგინა“,- განაცხადა გოცირიძემ „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას.

"არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებული" - ამ არგუმენტებით პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ უმრავლესობის მიერ მიღებული ცვლილებები, რომლითაც ეროვნული ბანკის საბჭოში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ჩნდება, შესაძლოა მარეგულირებლის დამოუკიდებლობას საფრთხე შეუქმნას.

ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს პრეზიდენტობის ვადა 2 მარტს ეწურება და ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება მისი შემცვლელი. ამ ფონზე კი, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში, რომლის მიხედვითაც, სებ-ის პრეზიდენტს, 1 პირველი ვიცე-პრეზიდენტი და 2 ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება. პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ახალია და საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცებამდე არ არსებობდა. პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას სწორედ პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს.

საკითხი მოექცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყურადღების ცენტრშიც. IMF ეროვნული ბანკის შესახებ კანონში დაჩქარებული წესით შეტანილ ცვლილებებში რისკებს ხედავს.