LIVE

აგარის შაქარი წელსაც დასუბსიდირდება - საწარმო აპრილში ამოქმედდება

23 თებ 202315:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 730

აგარის შაქარი მთავრობისგან შეღავათებს წელსაც მიიღებს. როგორც "ბიზნეს ფორმულას" კომპანიის დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელმა, ნიკოლოზ ნათბილაძემ განუცხადა, მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

„ეს იქნება ენერგომატარებლების და ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფოს მხრიდან შეღავათიან ფასებში მომსახურება. რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია სასურსათო უსაფრთხოებისთვის და პირველადი მოხმარების პროდუქტისთვის, როგორიც შაქარია. უკრაინის ომის შემდეგ ყველა ბაზარი თავისი პროდუქციის კონტროლს ახორციელებს და ექსპორტზე შეზღუდვებია ამ პროდუქციაზე. შესაბამისად, ქვეყნის მხრიდან ასეთი ხელშეწყობა მნიშვნელოვანია,“- ამბობს ნათბილაძე.  

აგარის შაქარი წლებია სახელმწიფოსგან არაპირდაპირ სუბსიდიას იღებს. რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეღავათები აქვს ენერგომატარებლებსა და ლოჯისტიკაზე.  

კომპანია შაქრის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია და ბაზრის 50%-ს იკავებს. მართალია, საქართველოშია რეგისტრირებული, თუმცა, საკონტროლო პაკეტს ფლობს კომპანია, რომელსაც აზერბაიჯანელი ინვესტორი აკონტროლებს. კომპანიას რამდენიმე მფლობელი ჰყავს, 51% წილს ანატოლია თრეიდ კომპანი ფლობს, 24.49%-ს შპს „უნივერსალ კაპიტალ გრუპსი“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ოფშორებშია რეგისტრირებული. კომპანიის კიდევ ერთი მეწილე ანატოლია ჰოლდინგ კომპანი ლიმიტედსი კი, არაბთა გაერთიანებული საამიროებშია რეგისტრირებული.

აგარის შაქარს ნედლეული ბრაზილიიდან შემოაქვს, ქარხანაში კი, ამ ნედლეულის გადამუშავება, დაფასოება და შემდეგ ბაზარზე გატანა ხდება. საწარმო არაერთხელ დადგა მუშაობის შეწყვეტის საფრთხის წინ. 2019 წელს ქარხანამ მუშაობა იმ მიზეზით შეაჩერა, რომ კონკურენციას ვერ გაუძლო. შედეგად 500 ადამიანი უმუშევრად დარჩა, რასაც პროტესტი მოჰყვა. პანდემიის დროს კი, როცა ბიზნესის დიდი ნაწილი გაჩერებული იყო, პრემიერმა მაშინდელ ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას პირდაპირ დაავალა, დახმარებოდა ქარხანას ამუშავებაში. მაშინ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება ადგილობრივი წარმოების დახმარების ხელშეწყობით ახსნა. მთავრობის მიერ აგარის შაქრისთვის დაწესებულმა შეღავათებმა კი კონკურენტების გულისწყრომა გამოიწვია, რადგან მიიჩნევდნენ, რომ იმპორტიორი მთავრობისგან შეღავათებს არ უნდა იღებდეს.

ეკონომისტები კი, მთავრობის ამ ხელშეწყობის მიღმა პოლიტიკურ ნებას ხედავენ. მათივე შეფასებით, გადასახადის გადამხდელების ფულით სახელმწიფო ბიზნესს არ უნდა დაეხმაროს. რადგან მთავრობა ამ ნაბიჯით ცალკეულ კომპანიებს სხვებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. ამასთან, იზრდება კორუფციის რისკიც, რადგან კომპანია ერთგვარად ვალშია სახელმწიფოსთან წარსულში მიღებული შეღავათებით.