G7-ის ქვეყნები და ევროკავშირი რუსული ბრილიანტების საზღვრებს მიღმა მოძრაობისთვის თვალყურის დევნების გზებს განიხილავენ. ამან შესაძლოა, გზა გაუხსნას მომავალში ბრილიანტების ვაჭრობის შეზღუდვას. ამის შესახებ Bloomberg საკითხში გარკვეულ პირებზე დაყრდნობით წერს.
ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესების წინა მცდელობას იმპორტიორი ქვეყნების მხრიდან დაბრკოლება მოჰყვა. ქვეყნების ნაწილი, მაგალითად, ბელგია, ამტკიცებდა, რომ ძვირფასი ქვების კვალის მექანიზმის გარეშე, ბლოკის ძალისხმევა უშედეგო იქნება, რადგან ტრანზაქციები უბრალოდ სხვაგან გადაინაცვლებს.
ბრილიანტების წარმოშობა ნათელია მიწოდების ჯაჭვის დასაწყისში, როდესაც მასზე გაიცემა სერტიფიკატი, მაგრამ შემდეგ მოძრაობის გაგება შესაძლოა, გართულდეს. სავაჭრო სახლებში მოხვედრის შემდეგ, დაუმუშავებელი ქვა მუშავდება, შემდეგ კი ნაწილებად იშლება და 15 კატეგორიაში იყიდება ზომისა და ხარისხის მიხედვით. ვიდრე ძვირფასი ქვა საბოლოოდ სამკაულს დაამშვენებს, ხშირია გადაყიდვის და აღრევის შემთხვევები. შესაბამისად, ორიგინალი სერტიფიკატი იცვლება „შერეული წარმოშობის დოკუმენტაციით“, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის იმის გაგებას, თუ სად იყიდება საბოლოოდ რუსული ბრილიანტები.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსულ სამთო გიგანტს, Alrosa-ს, დაუმუშავებელი ბრილიანტის მიწოდების დაახლოებით მესამედს უზრუნველყოფს. თუმცა ამ ზომამ მასზე დიდად არ იმოქმედა, რადგან კომპანიამ ნაკადები სხვა ბაზრებისკენ მიმართა.