
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის (TCRC) ინფორმაციით, ადგილობრივ გასამართ სადგურებში დიზელის სიძვირე, ქართველ გადამზიდავებს უბიძგებს, საწვავი მეზობელ ქვეყნებში (აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი, თურქეთი) ჩაისხან.
კვლევის ცენტრის ინფორმაციით, აზერბაიჯანში დიზელის ღირებულება - 1.22 ლარია, რუსეთში - 2.10 ლარი, სომხეთში - 2.76 ლარი, თურქეთში - 2.9 ლარი, საქართველოში კი - 3.7 ლარი.
„ქართველი გადამზიდავები, ძირითად გადაზიდვებს, 80%-ს, შემდეგი მიმართულებებით ახორციელებენ: 1) ცარიელი შესვლა თურქეთში, იქ დატვირთვა, შემდეგ დაცლა საქართველოში, ან რუსეთში, ან შუა აზიაში, ან სომხეთში, ან აზერბაიჯანში; 2) დატვირთული შესვლა რუსეთში, შემდეგ დაცლა რუსეთის ტერიტორიაზე, ხელახალი დატვირთვა და დაცლა საქართველოში, ან სომხეთში; 3) საქართველოდან აზერბაიჯანის ან შუა აზიის მიმართულებებით გადაზიდვა.
ბუნებრივია, არსებობს ევროპის და უკუ მიმართულებით გადაზიდვებიც მაგრამ, მათი წილი უმნიშვნელოა.
ისმის კითხვა, ასეთ გადაზიდვებში, ქართველი გადამზიდავი სარგებლობს თუ არა საქართველოში ადგილობრივი გასამართი სადგურებით? პასუხი ცალსახაა, საქართველოში დიზელის საწვავის სიძვირის გამო - არა“, - აცხადებენ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში.
მათი შეფასებით, არსებობს ტენდენცია, რომ რეალიზებული ბენზინის მოცულობა აჭარბებს დიზელის მოცულობას, რაც რეალურად პირიქით უნდა იყოს.
„ეს ყოველივე, იწვევს საქართველოს ბრენდულ გასამართ სადგურებში (იგულისხმება 5 ბრენდული კომპანია, თითოეული ფლობს 100-დან 130-მდე გასამართ სადგურს საქართველოს ტერიტორიაზე), მუდმივი ხარჯების ზრდას, შემცირებული რეალიზაციის შედეგად, მომგებიანობის მარჟის გასაზრდელად ბრენდული კომპანიები ზრდიან ფასებს, რითაც უფრო ღრმად ეფლობიან გაძვირების „სპირალში“, - აღნიშნავენ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში.