LIVE

მზარდი დაძაბულობის მიუხედავად​, აშშ-ჩინეთის ვაჭრობა რეკორდულ დონეზეა

11 თებ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 487
მზარდი დაძაბულობის მიუხედავად​, აშშ-ჩინეთის ვაჭრობა რეკორდულ დონეზეა

აშშ-სა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესების მიუხედავად, გასულ წელს ქვეყნებს შორის ვაჭრობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და შედეგად, სავაჭრო ბრუნვა 690,6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

საჰაერო ბურთის ინციდენტის შემდეგ, ქვეყნებს შორის ურთიერთობა უფრო დაიძაბა. გარდა ამისა, მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკა 2018 წლიდან სავაჭრო ომშიც იმყოფება.

მიუხედავად ამგვარი მოცემულობისა, ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ გასულ წელს აშშ-ის იმპორტი ჩინეთიდან გაიზარდა 536,8 მილიარდ დოლარამდე. მიზეზი ამერიკელი მყიდველების მიერ ჩინური წარმოების საქონელზე გაზრდილი დანახარჯებია. მათ შორის, საუბარია სათამაშოებსა და მობილურ ტელეფონებზე. ამავე პერიოდში აშშ-ის ექსპორტი ჩინეთში გაიზარდა 153,8 მილიარდ დოლარამდე.

ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გარკვეული ზრდა გამოწვეულია ცხოვრების ხარჯების ზრდითაც, თუმცა რიცხვები ასევე მიუთითებს, რამდენად დამოკიდებულნი არიან აშშ და ჩინეთი ერთმანეთზე, მათ შორის მრავალწლიანი სავაჭრო კონფლიქტის შემდეგაც კი.

2018 წელს ტრამპის ადმინისტრაციამ პეკინის წინააღმდეგ სავაჭრო ზომების გაძლიერება დაიწყო. ათწლეულების განმავლობაში ჩინეთის იმპორტის ზრდის შემდეგ, ტრამპმა დაიწყო ტარიფების დაწესება 300 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ჩინურ საქონელზე. ჩინეთმა აღნიშნულს იმპორტის გადასახადების დაწესებით უპასუხა, დაახლოებით 100 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე. ეს ცვლილებები ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდშიც ძალაში რჩება. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ამერიკული მხარე დიპლომატიური ურთიერთობების დათბობის მიზნით მიმდინარე თვეში ჩინეთში ვიზიტს გეგმავდა, მაგრამ ჩინურმა საჰაერო ბურთმა, რომელიც აშშ-ის მტკიცებით, სამხედრო ობიექტების თვალთვალისთვის გამოიყენებოდა, აღნიშნული გაურკვეველი ვადით გადადო.