LIVE

Kiwipost: თურქეთიდან გარკვეული ამანათები დაგვიანდება

09 თებ 202312:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1023
Kiwipost: თურქეთიდან გარკვეული ამანათები დაგვიანდება

გადამზიდი კომპანია Kiwipost-ის საოპერაციო დირექტორის, ქეთევან შანიძის თქმით, თურქეთ-სირიის საზღვარზე მომხდარი მძლავრი მიწისძვრის ფონზე, ჩნდება რისკები, რომ ონლაინ გამოწერილი ნივთების საქართველოში ჩამოტანა შესაძლოა დაგვიანდეს. 

როგორც ქეთევან შანიძე "ბიზნეს ფორმულასთან" აღნიშნავს, დაგვიანებები არ იქნება მასშტაბური, თუმცა გარკვეული ტიპის ამანათებს მაინც შეეხებათ. ძირითად შემთხვევაში, საუბარია კერძო გამყიდველებისგან (ე.წ. სელერებისგან) შეძენილ ნივთებზე და არა ბრენდირებულ კომპანიებზე. 

"საუბარი არ არის რაღაც გლობალურ და მასშტაბურ დაგვიანებებზე, თუმცა ჩამოტანის ხანგრძლივობა დიდი ალბათობით გაიზრდება. პირობითად, თუ აქამდე ნივთის ჩამოტანას სჭირდებოდა 3-დან 5 დღემდე, ახლა ეს პერიოდი შესაძლოა გაიზარდოს 10-დან 14-15 დღემდე. ძირითად შემთხვევაში საუბარია უფრო კერძო სელერებისგან შეძენილ ნივთებზე, ვინც თავად უნდა მიიტანონ სტამბოლის ოფისში ამანათი, მიწისძვრიდან გამომდინარე გარკვეული ტრანსპორტირების შეფერხებების გამო კი, შესაძლოა, მიტანა გაუჭირდეთ. მსხვილ და ბრენდირებულ კომპანიებს ეს ნაკლებად შეეხებათ, რადგან მათ თავიანთი ლოგისტიკა აქვთ", - ამბობს ქეთევან შანიძე. 

ონლაინ გამოწერილი ნივთების მასშტაბურ დაგვიანებას, გადამზიდი კომპანიები არ ელიან, გამომდინარე იქიდან, რომ მიწისძვრა მოხდა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, არ შეხებია სტამბოლს და აღმოსავლეთ ნაწილს, საიდანაც ძირითადად ხდება ნივთების ტრანსპორტირება.

თურქეთ-სირიის საზღვარზე 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. ნანგრევებიდან ადამიანების გამოყვანა ამ დრომდე გრძელდება. პარალელურად იზრდება დაღუპულთა რიცხვიც. BBC-ის ინფორმაციით, ორივე ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად, 15000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. მხოლოდ თურქეთში დანგრეულია 6000-ზე მეტი შენობა.