
თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის პირობები დარღვეული არაა და შესაბამისად, არ ეთანხმებიან ფერმერების ნაწილი მიერ კონკურენციის სააგენტოში შეტანილ საჩივარს.
ასოციაციაში ირწმუნებიან, რომ თხილის ფასის დაწესებასა და რეგულირებაში, თურქეთი - უდიდესი თხილის მწარმოებელი მონაწილეობს და საქართველო ფასის განმსაზღვრელი არ არის. ამასთან, წლიდან წლამდე ქართული თხილის ხარისხი უარესდება, რაც ასევე ფასის კლების წინაპირობა ხდება.
"ფერმერების ნაწილი თხილის ბაღებს სათანადოდ არ უვლის, რის გამოც ხშირად დაბალი ხარისხის თხილს იღებენ, ისინი არ ატარებენ შეწამვლის სამუშოებს სრულად, არ იცავენ თანმიმდევრულად თხილის შენახვის პირობებს, შესაბამისად მოსავალიც უარესდება", - აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას "თხილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, მერაბ ჭითანავა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ მომენტისთვის თხილის ფასი საკმაოდ მზარდ ტენდენციას აჩვენებს, გაუტეხავი თხილის ფასი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 2 ლარით გაიზარდა და 5 ლარს აჭარბებს, ხოლო საექსპორტო ღირებულება $6-ის ფარგლებში მერყეობს. როგორც ასოციაციაში განმარტავენ, მიზეზი თურქეთის მხრიდან ფასების ზრდაა.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ დღეს ბაზარზე დაახლოებით 60 თხილის ექსპორტიორი კომპანიაა, ამასთან რამდენიმე ასეული მცირე გადამამუშავებელი საწარმო. შესაბამისად, ისინი ფიქრობენ, რომ ამდენ კომპანიასთან ფასზე შეთანხმება და რაიმე სახით გავლენის მოხდენა შეუძლებელია. კონკურენციის სააგენტო კი, ადგილობრივი ფერმერების მიმართვის საფუძველზე, ახლა მონიტორინგის ეტაპზეა, პროცესი შესაძლოა 6 თვემდეც გაგრძელდეს.