LIVE

თურქეთი ჯეიჰანის ტერმინალის მიმართულებით ნავთობის ნაკადებს აღადგენს

07 თებ 202313:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 595
თურქეთი ჯეიჰანის ტერმინალის მიმართულებით ნავთობის ნაკადებს აღადგენს

თურქეთმა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ჯეიჰანის საექსპორტო ტერმინალის მიმართულებით ნედლი ნავთობის ნაკადების განახლების ბრძანება გასცა. ამის შესახებ Bloomberg-ს საკითხში გარკვეულმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.

სახელმწიფო მილსადენის ოპერატორმა Botas-მა გუშინ რეგიონში პირველი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ობიექტისკენ მიმავალი ნაკადები შეაჩერა.

Bloomberg-ის მონაცემებით, პორტიდან ექსპორტზე იანვარში დღეში 1 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი გავიდა, რაც გლობალური მარაგის 1%-ს შეადგენს. 

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის გათვლებითმიწისძვრის შედეგად, თურქეთის ეკონომიკური ზარალი, სავარაუდოდ, $1-დან $10 მილიარდამდეა. მონაცემების თანახმად, ზარალმა შესაძლოა თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე შეადგინოს. 

გუშინ 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 წუთზე 17.9 კილომეტრის სიღრმეზე თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, ქალაქ გაზიანტეპთან მოხდა. გუშინვე, ადგილობრივი დროით, 13:24 საათზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა კაჰრამანმარასის პროვინციაში დაფიქსირდა 

მედიის ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4 800-ს გადააჭარბა.

თურქეთის ოფიციალური პირის განცხადებით, თურქეთში 3 381 ადამიანი დაიღუპა, 20 426 დაშავდა და ჩამოინგრა 5 775 შენობა.