LIVE

USGS: მიწისძვრის შედეგად, თურქეთის ეკონომიკური ზარალი $1-დან $10 მილიარდამდე იქნება

06 თებ 202316:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 938
USGS: მიწისძვრის შედეგად, თურქეთის ეკონომიკური ზარალი $1-დან $10 მილიარდამდე იქნება

მიწისძვრის შედეგად, თურქეთის ეკონომიკური ზარალი, სავარაუდოდ, $1-დან $10 მილიარდამდეა. შესაბამის გათვლებს ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური აქვეყნებს

მონაცემების თანახმად, ზარალმა შესაძლოა თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე შეადგინოს.

Bloomberg-ის მიხედვით, თურქეთმა, უსაფრთხოების მიზნით, ჯეიჰანის საექსპორტო ტერმინალისკენ მიმავალი ნავთობის ნაკადები შეაჩერა. ოფიციალური ინფორმაციით, მილსადენზე გაჟონვა არ დაფიქსირებულა.   

ქურთისტანის ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განცხადებით, ირანის ქურთისტანმა, თურქეთის გავლით, ტერმინალამდე ნავთობის მიწოდება შეაჩერა. 

ჯეიჰანის ნავთობის გაყიდვის სასიცოცხლო მნიშვნელობის კვანძია. პორტიდან იანვარში დღეში 1 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი გავიდა, რაც ნავთობის მსოფლიო მარაგის 1%-ს შეადგენს. ამ ამბებმა ხელი შეუწყო დღეს ნავთობის გაძვირებას.   

ბრენტის ნავთობის ფიუჩერსები 37 ცენტით, ანუ 0.5%-ით გაძვირდა და ბარელზე $80.31 შეადგინა. აშშ-ის West Texas Intermediate (WTI) ნავთობის ფიუჩერსები 13 ცენტით, ანუ 0.2%-ით $73.52-მდე შემცირდა.

მიწისძვრის შედეგად, თურქეთის სულ მცირე ოთხი აეროპორტი: ადიამანის, კაჰრამანმარასის, მალათიისა და ჰათაის აეროპორტები დაზიანდა. 

დაზიანდა ადგილობრივი გაზის ქსელის ზოგიერთი ნაწილი, რის შედეგადაც რამდენიმე პროვინციას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. 

თურქეთის საფონდო ბირჟამ Borsa Istanbul ზოგიერთი აქციის ვაჭრობა შეაჩერა და ბირჟის ძირითადი ინდექსი 4.7%-მდე დაეცა. თურქული ლირა ოდნავ შეიცვალა და 1 აშშ დოლარმა 18.83 ლირა შეადგინა. 

მიწისძვრამ ზოგიერთი საავადმყოფო და ჰათაის პორტიც დააზიანა. 

CNN-ის თანახმად, თურქეთსა და სირიაში ძლიერ მიწისძვრას 1 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად მხოლოდ თურქეთში 912 ადამიანი დაიღუპა და 5383 დაშავდა.

მისივე თქმით, შეუძლებელია ვარაუდი, თუ რამდენად გაიზრდება დაღუპულთა რიცხვი, რადგან სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. 

ერდოღანის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად, ჩამოინგრა 2818 შენობა. 

7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა დღეს ადგილობრივი დროით 04:17 წუთზე 17.9 კილომეტრის სიღრმეზე თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, ქალაქ გაზიანტეპთან მოხდა. ადგილობრივი დროით, 13:24 საათზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა კაჰრამანმარასის პროვინციაში დაფიქსირდა. ეს 1939 წლის შემდეგ, ქვეყნის უდიდესი კატასტროფაა.