
2022 წლის ბოლოს Apple-ის გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა. შედეგად, გასული წლის ბოლო სამ თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტექნოლოგიური გიგანტის გაყიდვები 5%-ით დაეცა, რაც 2019 წლის შემდეგ კომპანიისთვის ყველაზე დიდი ვარდნაა.
თავად Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი გაყიდვების კლებას ჩინეთში Covid-19-ის შეფერხების გამო არსებულ მიწოდების დეფიციტს უკავშირებს. მან ხაზი გაუსვა უკრაინის ომისგან გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისსაც.
”მსოფლიო უპრეცედენტო გარემოებების წინაშეა... ჩვენ ვიცით, რომ Apple არ არის დაზღვეული ამ ყველაფრისგან”, - აღნიშნა მან.
Apple-მა განაცხადა, რომ გაყიდვების შემცირება მთელ მსოფლიოში მოხდა და მისი პროდუქტების უმეტესობას შეეხო. უფრო ზუსტად, პოპულარული iPhone-ების გაყიდვები 8%-ზე მეტით შემცირდა, ხოლო Mac კომპიუტერების გაყიდვები - 29%-ით. კლებამ დააზარალა კომპანიის მოგებაც, რომელიც 13%-ით, 30 მილიარდ დოლარამდე დაეცა.
ტექნოლოგიური გიგანტის გაყიდვების ასეთი მნიშვნელოვანი კლება გასაკვირი არცაა, მით უმეტეს იმის ფონზე, როცა ანალიტიკური კომპანია Canalys-ის თანახმად, გლობალურად გაყიდული სმარტფონების რაოდენობამ გასულ წელს 12%-ით დაიკლო.
გაზრდილი ხარჯების ფონზე თავად ტექნოლოგიურმა გიგანტებმა 2022 წელს "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკაც დაიწყეს. მათ შორისაა, Amazon-ც, რომლის გაყიდვები 2022 წლის ბოლო 3 თვეში (წინა წელთან შედარებით) 2%-ით შემცირდა, მოგება კი 14,3 მილიარდი დოლარიდან თითქმის ნულამდე დაეცა. მართალია გაყიდვები არ შემცირებია ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Alphabet და YouTube, თუმცა ზრდაც უმნიშვნელო ჰქონდათ (მხოლოდ 1%-მდე გაიზარდა). ამის ერთ-ერთი მიზეზი გახდა ის, რომ 2022 წელს კომპანიებმა რეკლამების რაოდენობა შეამცირეს, რაც მანამდე მათთვის შემოსავლის ძირითადი წყარო იყო.