ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი ნახევარი პუნქტით - 2%-დან 2.5%-მდე გაზარდა, რაც 2008 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამასთან, ბანკმა განაკვეთის შემდგომ ზრდაზე მიუთითა.
"მმართველი საბჭო მარტში, მომავალ შეხვედრაზე რეფინანსირების განაკვეთის კიდევ 50 საბაზისო პუნქტით გაზრდას გეგმავს", - ნათქვამია ECB-ის განცხადებაში.
რეფინანსირების განაკვეთის შემდგომი ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას ბანკი ამის შემდეგ მიიღებს.
ECB-ის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა ეკონომისტებისთვის, რომლებმაც თებერვალსა და მარტში 50 საბაზისო პუნქტით, მაისში კი 25 საბაზისო პუნქტით გაზრდა იწინასწარმეტყველეს. Bloomberg-ის ეკონომისტების გამოკითხვის თანახმად, განაკვეთი საბოლოოდ 3.25%-მდე გაიზრდება.
რეფინანსირების განაკვეთის გაზრდით, ბანკი ინფლაციის შენელებას ცდილობს. იანვარში მოსალოდნელზე უფრო მკვეთრი შენელების შემდეგაც კი, ევროზონის ინფლაცია - 8.5%-ზე რჩება, რაც ოთხჯერ აღემატება ECB-ის 2%-იან სამიზნეს. რეკორდულად მაღალ დონეზე - 5.2%-ზე რჩება საბაზო ინფლაცია, რომელიც რომელიც საკვებისა და ენერგიის ცვალებად ფასს გამორიცხავს.
მონეტარული პოლიტიკა გუშინ აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმაც გაამკაცრა. Fed-მა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზო პუნქტით გაზარდა. შედეგად, რეფინანსირების განაკვეთად 4.5%-4.75% განისაზღვრა.
რეფინანსირების განაკვეთი დღეს ინგლისის ბანკმაც გაზარდა. 50 საბაზო პუნქტით გაზრდის შემდეგ, განაკვეთი 4%-ს შეადგენს.