LIVE

აშშ თურქეთისა და საამიროებისგან რუსეთთან სავაჭრო კავშირების შეზღუდვას მოითხოვს

04 თებ 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 512
აშშ თურქეთისა და საამიროებისგან რუსეთთან სავაჭრო კავშირების შეზღუდვას მოითხოვს

აშშ თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე, რუსეთთან სავაჭრო კავშირების შეზღუდვის მოთხოვნით, ზეწოლას აძლიერებს. 

Bloomberg-ის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა ამ ქვეყნებს განუცხადა, რომ რუსეთთან მათი ეკონომიკური და ფინანსური კავშირები უკრაინაში რუსეთის აგრესიის შეჩერებას აფერხებს. 

აშშ-ის ხაზინის ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის მდივნის მოადგილე, ბრაიან ნელსონი, გასულ დღეებში თურქეთის ოფიციალურ პირებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო განეხილათ აშშ-ის შეშფოთება მზარდ ექსპორტზე, სადაც ამერიკული საქონელიც შედის. ეს იყო რეგიონული ტურის ნაწილი, რომელიც კვირის დასაწყისში არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტსაც მოიცავდა. 

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა თურქეთს უთხრეს, რომ რუსეთში საქონლის ნაკადი შეზღუდოს. მათ თავისი თურქი კოლეგები გააფრთხილეს, რომ ათობით მილიონი დოლარის ღირებულების პოტენციურად სანქცირებული საქონელი რუსეთში აღწევს და ის შეიძლება გამოყენებულ იქნას თავდაცვის ინდუსტრიის მიერ კონფლიქტის გასახანგრძლივებლად.

მათი შეფასებით, გასული წლის მარტიდან ოქტომბრამდე, ათეულობით თურქმა ექსპორტიორმა რუსეთში დაახლოებით $800 მილიონის საქონელი გაგზავნა, მათ შორის $300 მილიონის ღირებულების ტექნიკა და $80 მილიონის ელექტრონიკა.

გამოცემამ ეს ინფორმაცია საკუთარი წყაროებით მოიპოვა. თურქეთის სავაჭრო და ფინანსთა მინისტრს საკითხზე მყისიერი კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

ნელსონი აშშ-ის ხაზინის მესამე მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც თურქეთს ერთი წლის განმავლობაში ეწვია, რაც აძლიერებს ზეწოლას აშშ-ის სანქციების შესასრულებლად. წყაროების თქმით, ამ თემაზე თურქეთში ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლების ვიზიტები უახლოეს კვირებში იგეგმება. 

ორივე ქვეყანა: არაბთა გაერთიანებული საამიროები და თურქეთი გასული წლის განმავლობაში, რუსული სიმდიდრის თავშესაფრად იქცა. არაბეთის გაერთიანებული საამიროები ინარჩუნებს კავშირებს როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან. 

რაც შეეხება თურქეთს, მას კარგი კავშირები აქვს კიევთან და ასრულებს შუამავლის როლს უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდების განახლებაში, მან ასევე ხელი შეუწყო პატიმრების გაცლას. 

ამავდროულად, თურქეთმა გააღრმავა ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები რუსეთთან. ერდოღანი, რომელიც მაისში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობს, ცდილობს მოიპოვოს ფინანსური მხარდაჭერა რუსეთისგან. 

თურქეთისადმი ვაშინგტონის ზოგიერთ გაფრთხილებას შედეგი უკვე მოჰყვა. რუსული Mir გადახდების სისტემაში ჩართული ხუთივე თურქული ბანკი სისტემას გასულ წელს გამოეთიშნენ. ამჟამად, აშშ-ის მსგავსი გაფრთხილების შემდეგ, თურქული საავიაციო კომპანიები მუშაობენ რუსული კომპანიების მომსახურების შეწყვეტაზე.

The Wall Street Journal-ის გასულ კვირას გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ამერიკის ოფიციალური პირები თურქეთზე ზეწოლას ახორციელებენ, რათა მან ამერიკული წარმოების რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავების ფრენა და მომსახურება აკრძალოს.