LIVE

მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის - გადაწყვეტილება მიღებულია

01 თებ 202314:51
3 წუთის საკითხავი
clock clock 1960
მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის - გადაწყვეტილება მიღებულია

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია და მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ჯამში 50 მილიონ ევრომდე ღირებულების მეტროს ვაგონებს შეისყიდის.

საუბარია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ, ახალი ვაგონების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერზე და რუსულ კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც თავად EBRD-მა შეაჩერა, თუმცა როგორც ხმალაძე ამბობს, ბანკთან შეთანხმებით, ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა და ქართული მხარის ინტერესები მაქსიმალურად დაცულია.

აღსანიშნავია, რომ “მეტროვაგონმაში" უკრაინის მიერ სანქცირებულია, თუმცა ირაკლი ხმალაძე ირწმუნება, რომ რუსული კომპანია სანქცირებული არაა.

ამასთან, ხმალაძის განმარტებით, რუსულ კომპანიას უპირატესობა დაბალი ფასის გამო აქვს და სხვა მომწოდებლის პირობებში ვაგონების შესყიდვა ვერ მოხდებოდა.

„ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა, ჩვენი ფინანსური რისკები მაქსიმალურად დაზღვეულია, თუ კომპანია ვერ შეძლებდა წარმოებას, რომ არ აღმოვჩენილიყავით გადახდილი თანხის და მიუღებელი საქონლის პირისპირ, ეს ყველაფერი ისე შეიცვალა, რომ ჯერ საქონელს მივიღებთ, მივიღებთ ექსპლუატაციაში და მხოლოდ იმ პორციას ავანაზღაურებთ, რომელიც ჩამოვა და თბილისის მეტროპოლიტენის სისტემაში გაეშვება. 

იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ ფასად ალტერნატიული მომწოდებლისგან ვერ შევძლებდით ვაგონების შესყიდვას და პირდაპირ გეტყვით, 30-35%-ით აუცილებლად ძვირდებოდა სხვა მომწოდებლის შემთხვევაში, ვეცადეთ, არსებულ მომწოდებელთან დაგვესრულებინა მოლაპარაკებები ისე, რომ ქართული მხარის ინტერესები ყოფილიყო მაქსიმალურად დაზღვეული, ამ პირობებს მივაღწიეთ, ცვლილების ყველა პუნქტი შეთანხმდა EBRD-თან და ამის შემდეგ მოხდა ცვლილების ხელმოწერა. ვიმედოვნებ, ვაგონების დამზადება და კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში მუნიციპალიტეტისთვის მოწოდება მოხდება",- ამბობს ხმალაძე.

რუსულმა “მეტროვაგონმაშმა" EBRD-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, რომელიც თბილისის მეტროპოლიტენის მიერ ახალი ვაგონების შესყიდვას შეეხებოდა. "ფორმულამ" ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომელსაც კალაძე ხელს 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს აწერს.

რუსულ კომპანიას 170 მილიონ ლარიანი ხელშეკრულების ფარგლებში, 2022 წლიდან, 3 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად 44 ვაგონი უნდა მოეწოდებინა. თუმცა 2022 წლის 11 მარტს ცნობილი გახდა, რომ EBRD-მა შეაჩერა გადარიცხვა.