LIVE

TBC Capital: დეკემბერში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე $100 მილიონი შეისყიდა

30 იან 202313:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 531
TBC Capital: დეკემბერში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე $100 მილიონი შეისყიდა

TBC Capital-ის ინფორმაციით, ძლიერი სავალუტო შემოდინებების შედეგად, დეკემბერში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე თითქმის 100 მლნ დოლარი შეისყიდა. მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეული განახლების თანახმად, სანამ დოლარი ევროსთან არ გაუფასურდება, ლარის დოლართან მნიშვნელოვნად გამყარება ნაკლებად სავარაუდოა.

„ძლიერი სავალუტო შემოდინებების შედეგად, გრძელდება სებ-ის ინტერვენციები დეკემბერში, წინა თვეების მსგავსად, აშშ დოლარის თითქმის 100 მილიონის ოდენობით შესყიდვით. ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის მხრივ, კვლავ ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ აშშ დოლარის ევროსთან შემდგომ დასუსტებამდე, ლარის დამატებით მნიშვნელოვანი გამყარება ნაკლებ ალბათურია“, - აღნიშნულია TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაში.

ანალიტიკურ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ Fitch-ის მიერ საქართველოს რეიტინგის მოლოდინის გაუმჯობესების მიზეზი, სხვა არსებით ფაქტორებთან ერთად, საერთაშორისო რეზერვების ზრდაც გახდა.

TBC Capital-ის შეფასებით, იანვრის სექტორული ბრუნვების ანალიტიკა აჩვენებს, რომ ეკონომიკის ზრდა კვლავ ძლიერია.

„ეს შესაძლოა გახდეს მონეტარული პოლიტიკის მოლოდინებთან შედარებით უფრო ნაკლებად შერბილების არგუმენტი. თუმცა, ჩვენი შეფასებით, ინფლაციის შემცირება იანვარშიც გაგრძელდება. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ როგორც ჩანს, ყოველთვიური ინფლაცია კვლავ სამიზნეზე დაბალი იქნება. ამასთან, ეს პროგნოზი რომც გამართლდეს, ბევრი იქნება დამოკიდებული ინფლაციის სხვადასხვა შემადგენლის დინამიკაზე. მთლიანობაში, ვფიქრობთ, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილება უფრო მარტში დაიწყება, თუმცა საპროცენტო განაკვეთის მიმდინარე კვირაში დაწევასაც არ გამოვრიცხავთ“, - აცხადებენ TBC Capital-ში.