LIVE

ქართველი მეღვინეები ყურძნის ჭიას ორგანული მეთოდით ებრძვიან

26 იან 202315:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 601
ქართველი მეღვინეები ყურძნის ჭიას ორგანული მეთოდით ებრძვიან

2022 წელს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), ევროკავშირის EU4Business ინიციატივის მხარდაჭერით, საქართველოში ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა დანერგა.

ევროპული ყურძნის ჭია – Lobesia botrana, ქართული ყურძნის წარმოებას მნიშვნელოვნად აზარალებს. ის დაახლოებით 40%-ით ამცირებს მოსავალს, რაც ყურძნისა და ღვინის ხარისხზეც უარყოფითად აისახება. 

„გამრავლების შემაფერხებელი პროგრამა“ მამრობითი სქესის ყურძნის ჭიის დასაბნევად ფერომონს იყენებს, რაც მას მდედრის პოვნაში უშლის ხელს. შედეგად, ჭია ვეღარ ნაყოფიერდება და ვეღარ მრავლდება, ხოლო ვენახი ნაკლებად ზიანდება.

გასულ წელს ეს პრაქტიკა 200 ჰექტარის ფართის ვენახებში დაინერგა და ღვინის 12 მწარმოებელი გაეცნო ორგანულ მეთოდს, რომელიც ამცირებს პესტიციდების გამოყენების საჭიროებას. შესაბამისად, ფერომონების გამოყენებით ამ ფერმერების ყურძნის მოვლის პრაქტიკა უფრო მდგრადი და ეკო-მეგობრული გახდა. 

თორმეტივე მეღვინემ განაცხადა, რომ მათი მოსავალი დაახლოებით 40%-ით გაიზარდა, ხოლო დანახარჯები ქიმიკატებზე შემცირდა. FAO-ს ინფორმაციით, ბენეფიციარებს ასევე ბევრად გაუმარტივდათ მავნებლების ინტეგრირებული მართვა.

"2023 წელს, FAO უფრო აქტიურად განაგრძობს აღნიშნული მიმართულებით საქმიანობას და პროგრამაში ჩართავს მეღვინეებს საქართველოს დასავლეთის რეგიონებიდანაც, რაც 2022 წელს პროექტის პრიორიტეტს არ წარმოადგენდა," განაცხადეს ორგანიზაციაში და დასძინეს, რომ ვენახში ფერომონების გამოყენება პესტიციდების ნარჩენებით გაჯერებული ღვინის მოხმარების რისკებსაც ამცირებს,  უკეთესი ხარისხის წარმოება კი ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის ზრდას შეუწყობს ხელს.