LIVE

Spotify ქართველი მომხმარებლებისთვის ოფიციალურად ხელმისაწვდომი ხდება

22 თებ 202123:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 409
Spotify ქართველი მომხმარებლებისთვის ოფიციალურად ხელმისაწვდომი ხდება
Gabby Jones/Bloomberg

მუსიკალური სერვისის პლატფორმა, Spotify საკუთარ აუდიო მომსახურებას უახლოეს დღეებში 80 ახალ ბაზარს ოფიციალურად შესთავაზებს და მათ შორის არის საქართველოც. რეგიონის ქვეყნებიდან ახალი ბაზრების ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ სომხეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი და უზბეკეთი. დანარჩენი ქვეყნები აფრიკის, კარიბის ზღვის და ლათინური ამერიკის რეგიონებს მიეკუთვნებიან.

გადაწყვეტილების შესახებ კომპანიამ დღეს განაცხადა და სავარაუდოა, რომ ახალი ბაზრების ათვისება პლატფორმას 1 მილიარდამდე პოტენციურ მომხმარებელს შეჰმატებს. 

ამჟამად Spotify უკვე ოპერირებს 93 ბაზარზე და მართალია, 345 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, თუმცა მათგან აზიის, აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე 20%-ზე ნაკლები მოდის. 

ამ დრომდე, სტოკჰოლმში ბაზირებული კომპანიის სტრატეგია ისეთ სწრაფ გაფართოებას არ მოიცავდა, როგორიც მაგალითად Netflix-ის შემთხვევაშია სახეზე, რაც სავარაუდოდ მუსიკალურ ნაწარმოებებზე საავტორო უფლებების მოპოვების სირთულეს უკავშირდება.

Spotify ფასიანი მუსიკალური სერვისის უმსხვილესი პლატფორმაა მსოფლიოში და ამავდროულად, მნიშვნელოვანი შემოსავალი მოაქვს ხმის ჩამწერი სტუდიებისთვის. კომპანიის გათვლებით, მუსიკის გლობალური გაყიდვები 2025 წლისთვის პიკურ მაჩვენებელს მიაღწევს. 

Spotify-ს გაფართოების გეგმა მოიწონეს ინვესტორებმაც და შედეგად, აქციების ფასი ნიუ იორკში 6%-ით გაიზარდა. ზოგადად კი, გასული წლის განმავლობაში კომპანიის აქციების ღირებულებამ დაახლოებით 160%-იანი ზრდა აჩვენა, რითაც Spotify-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ $70 მილიარდს მიაღწია.