ევროს კურსმა დღეს აშშ დოლართან 9-თვიან მაქსიმუმს მიაღწია და $1.0903 შეადგინა. ამ მაჩვენებლით მან პიკური $1.08875 გადალახა და აპრილში დაფიქსირებულ $1.0936-ს მიუახლოვდა.
ევროს გამყარება პირდაპირ კავშირშია ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან. აშშ-ის ცენტრალური ბანკისგან განსხვავებით, ევროპის მარეგულირებელი უფრო მკაცრ მონეტარულ პოლიტიკაზე მიუთითებს.
ტენდენციას ხელი შეუწყო ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მმართველი საბჭოს წევრის კლაას ნოტის განცხადებამ, რომელმაც თქვა, რომ საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება 50 საბაზისო პუნქტით როგორც თებერვალში, ასევე მარტში და გააგრძელებს ზრდას მომდევნო თვეებშიც.
Reuters-ის ანალიტიკოსების გამოკითხვა ასევე მიუთითებს მარტში 50 საბაზისო პუნქტიან ზრდაზე. ეკონომისტების შეფასებით, საბოლოოდ რეფინანსირების განაკვეთი 3,25%-ს მიაღწევს.
გასული წლის ივლისში ევროსა და დოლარის გაცვლითმა კურსმა პარიტეტს მიაღწია და ერთი ევროს ღირებულება ერთ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა, რაც ევროს გაუფასურების 20-წლიანი მაქსიმუმია.
ფუნტი სტერლინგი $1.2420-მდე გამყარდა. აშშ დოლართან გაუფასურდა იაპონური იენი. ამ დროისთვის, $1-ის ფასი ¥129,59-ია.