LIVE

აშშ-ში სახლების გაყიდვები ზედიზედ 11 თვეა მცირდება

24 იან 202310:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 411
აშშ-ში სახლების გაყიდვები ზედიზედ 11 თვეა მცირდება

აშშ-ს რეალტორთა ეროვნული ასოციაციის თანახმად, ზედიზედ 11 თვეა ქვეყანაში უძრავი ქონების ბაზრის ვარდნა გრძელდება. დეკემბერში წინა თვესთან შედარებით სახლების გაყიდვები დამატებით 1.5 %-ით შემცირდა. 

2022 წელი 4.02 მილიონი ტრანზაქციით დასრულდა, რაც 2021 წლის დეკემბერთან შედარებით 34%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ 2010 წლის ნოემბრის შემდეგ, როდესაც ქვეყანა უძრავი ქონების კრიზისს ებრძოდა, ეს არის გაყიდვების ყველაზე დაბალი ტემპი.

საცხოვრებელი სახლების ყიდვა-გაყიდვის ამგვარი კლება იპოთეკური სესხის მაღალ განაკვეთს უკავშირდება. მაღალმა ფასებმა, რომელიც პანდემიის პირველ წლებში მაღალი მოთხოვნით იყო გამოწვეული, კიდევ უფრო შეასუსტა ხელმისაწვდომობა და გამოიწვია მიწოდების მკვეთრი ვარდნა.

თუმცა, მოლოდინები შედარებით ოპტიმისტურია. როგორც რეალტორების მთავარი ეკონომისტი ლოურენს იუნი აღნიშნავს, გასული წლის ბოლოს დაფიქსირებული პიკური პერიოდის შემდეგ, იპოთეკური სესხის განაკვეთები მკვეთრად შემცირდა, რაც მომდევნო თვეებში გაყიდვების ზრდის მოლოდინს აჩენს. 

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ოქტომბრის მაღალი დონის შემდეგ, იპოთეკური სესხის განაკვეთები სრული პროცენტული პუნქტით დაეცა, მაგრამ გასულ წელთან შედარებით ჯერ კიდევ ორჯერ მაღალია.

დაბალი მიწოდება გარკვეულწილად მაღალ ფასებს ინარჩუნებს, თუმცა მოგება მაინც მცირდება. დეკემბერში გაყიდული ძველი სახლების საშუალო ფასი $366 900 იყო, რაც 2.3%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.