
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი, მანქანაში ღვედის გამოუყენებლობის გამო, დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სუნაკი მოძრავი მანქანიდან Instagram-ზე ლაივში ისე ჩაერთო, რომ უსაფრთხოების ღვედი არ ეკეთა.
პრემიერმინისტრმა ბოდიში მოიხადა, თუმცა ფაქტს ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
დიდ ბრიტანეთში ღვედის არგაკეთების გამო, ჯარიმა £100-ია. თუ საქმე სასამართლოს გადაეცემა, ის შეიძლება £500-მდე გაიზარდოს.
პრემიერმინისტრის ოფისის განცხადებით, სუნაკი ჯარიმას გადაიხდის.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა რიში სუნაკი მთავრობაში ყოფნისას დაჯარიმდა. გასული წლის აპრილში ის, ბორის ჯონსონთან ერთად, 2020 წელს, "ლოკდაუნის" დროს, წვეულებაზე დასწრებისთვის დააჯარიმეს.
რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის 57-ე პრემიერმინისტრი გასული წლის ოქტომბერში გახდა. იმ დროისთვის, 42 წლის სუნაკისა და მისი მეუღლის ერთობლივი ქონება £730 მილიონად იყო შეფასებული, რაც სამეფო ოჯახის ქონებას ორჯერ აღემატება.