LIVE

ადგილობრივი ბაზრისთვის სამრეწველო პროდუქციის წარმოება 8.2%-ით გაძვირდა

20 იან 202311:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 352
ადგილობრივი ბაზრისთვის სამრეწველო პროდუქციის წარმოება 8.2%-ით გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8.2%-ით გაიზარდა.

2022 წლის დეკემბერში ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების წლიური ცვლილება ასეთი იყო:

  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია - ფასების წლიური ზრდა 18.5%;
  • დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია - ფასების წლიური ზრდა 10.1%;
  • წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფი - ფასების წლიური ზრდა 1.8%;
  • ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფი - ფასების წლიური კლება 4.4%.

რაც შეეხება სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსს, საქსტატის თანახმად, ის დეკემბერში წლიურად 0.1%-ითაა გაზრდილი.

კვლევამ აჩვენა, რომ 2022 წლის დეკემბერში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11.8%-ით გაიზარდა დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე მწარმოებელთა ფასების ინდექსი. საკვებისა და სასმელების მიწოდებით მომსახურების ფასებმა 16.2%-ით მოიმატა, ხოლო დროებითი განთავსების საშუალებებით მომსახურების ფასებმა - 8.4%-ით.

საქსტატის მონაცემებით, გასული წლის დეკემბერში სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 1.3%-ით გაიზარდა. ფასების 2.8%-იანი მატება დაფიქსირდა სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე. ხოლო, საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე ფასები შემცირდა 2.1%-ით, წყლის ტრანსპორტის მომსახურებაზე  - 2.9%-ით, დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე კი - 10.7%-ით.

დეკემბერში, წლიურად 0.5%-ით შემცირდა სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ჯამური ინდექსი. სადენიან სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები შემცირდა 1.2%-ით, ხოლო თანამგზავრული კავშირგაბმულობის მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 16.7%-ით.

აღსანიშნავია, რომ შემცირდა როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის ფასების ინდექსი. დეკემბერში, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტის ფასების ინდექსმა 14.3%-ით იკლო, იმპორტის კი - 2.5%-ით.