LIVE

15 თებერვლიდან ფარმაცევტული კომპანიები წამლების ნაწილს განსაზღვრულ ფასზე ძვირად ვეღარ გაყიდიან

15 იან 202314:06
3 წუთის საკითხავი
clock clock 833
15 თებერვლიდან ფარმაცევტული კომპანიები წამლების ნაწილს განსაზღვრულ ფასზე ძვირად ვეღარ გაყიდიან

ფარმაცევტულ კომპანიებს, განსაზღვრულ ფასზე ძვირად, წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. ჯანდაცვის სამინისტრომ ფასის ზედა ზღვარი 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დააწესა და პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალი დაამტკიცა.

მარჟები, საბითუმო გასაყიდი ფასის მიხედვით, 15%-დან 40%-მდე მერყეობს. რაც უფრო ძვირია წამლის ღირებულება, მით უფრო მცირდება მარჟა, ხოლო 100 ლარის ზევით, ღირებულების მედიკამენტზე, საცალო კომპანიებს, ფიქსირებულად, მაქსიმუმ 20 ლარის დამატება შეუძლიათ. უფრო დეტალურად, საცალო ქსელში მედიკამენტების ზღვრული მაქსიმალური ფასი შემდეგი წესით დაანგარიშდა:

  • თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 5 ლარამდეა - მას ემატება მაქსიმუმ 40% დარიცხვა;
  • თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 5-დან 10 ლარამდეა - მას ემატება მაქსიმუმ 35% დარიცხვა;
  • თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 10-დან 20 ლარამდეა - მას ემატება მაქსიმუმ 30% დარიცხვა;
  • თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 20-დან 30 ლარამდეა მას ემატება მაქსიმუმ 25% დარიცხვა;
  • თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 30-დან 50 ლარამდეა მას ემატება მაქსიმუმ 20% დარიცხვა;
  • თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 50-დან 100 ლარამდეა მას ემატება მაქსიმუმ 15% დარიცხვა;
  • თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 100 ლარი ან მეტია, მაშინ რეფერენტულ საბითუმო ფასს სტანდარტულად ემატება მაქსიმუმ 20 ლარი.

ფარმაცევტულ სექტორს ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე აქვს. თუკი სექტორი, რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარმოადგენს, სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო აღნიშნულს განიხილავს და ზოგიერთ წამალზე შესაძლოა, ფასი დაკორექტირდეს.

მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს.

აღსანიშნავია, რომ ფასის ზედა ჭერი დადგინდა 4 ქვეყანაში, კერძოდ, ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროში, ლატვიასა და ბულგარეთში, კონკრეტული წამლების ფასის საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე. 

ასევე დაანონსდა, რომ წამლებზე სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული მაქსიმალური ფასის დარღვევის შემთხვევაში, სანქციები მკაცრი იქნება. კერძოდ, ჯარიმები შეეხება როგორც საცალო ქსელის აფთიაქებს, ისე დისტრიბუტორებსა და საბითუმოდ მოვაჭრეების. ვინც დადგენილ წესებს არ დაემორჩილება, პირველ ეტაპზე გაფრთხილებას მიიღებს, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში, 5 000-დან 45 000 ლარამდე თანხით დაჯარიმდება.