
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ წამლებზე რეფერენტული ფასების, ანუ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული მაქსიმალური ფასის დარღვევის შემთხვევაში, სანქციები მკაცრი იქნება.
მისი განმარტებით, პირველ ეტაპზე დამრღვევს გაფრთხილებენ, ხოლო მეორე ეტაპზე ჯარიმა დაეკისრება.
„იანვრიდან რეფერენტული ფასები ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს შეეხება, მეორე კვარტლიდან ნებისმიერ სხვა სარეცეპტო მედიკამენტს, ხოლო წლის ბოლომდე ყველაზე გავრცელდება.
რაც შეეხება აღსრულებას, კანონში შეგვაქვს გამკაცრებაც, რომლებიც დამრღვევების სანქციებს შეეხება. სანქციები პირველ შემთხვევაზე გაფრთხილებას გულისხმობს, ხოლო განმეორების შემთხვევაში 5 000 ლარიდან 45 000 ლარამდე დაჯარიმებას, როგორც საცალო ქსელში აფთიაქების, ასევე დისტრიბუტორების და საბითუმოდ მოვაჭრეების. ისეთი რეგულაციაა, რომელიც ყველამ ზედმიწევნით უნდა დაიცვას, ამიტომ მნიშვნელოვანია მონიტორინგიც, რაც დაგეგმილი გვაქვს“,- აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, ქვეყნების იდენტიფიცირება, რომელთა საფუძველზეც რეფერენტული ფასის განსაზღვრა მოხდება, ახლა მიმდინარეობს. შეირჩევა 4-5 ქვეყანა, რის შემდეგაც განისაზღვრება მაქსიმალური ზღვარი მედიკამენტების გასაყიდ ფასთან დაკავშირებით.
წამლებზე რეფერენტული ფასები 2023 წლიდან დაწესდება და სახელმწიფო ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე ძვირადაც დაუშვებელი იქნება მედიკამენტის რეალიზაცია. მთავრობის წინასწარი გათვლებით, რეფერენტული ფასების დაწესება წამლებს საშუალოდ, 40%-ით გააიაფებს.