LIVE

თხილის სექტორისთვის 2022 წელი გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა - ISET

13 იან 202314:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 808
თხილის სექტორისთვის 2022 წელი გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა - ISET

ISET-ის მიმოხილვის თანახმად, თხილის სექტორისთვის 2022 წელი კვლავ გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა, ძირითადად, არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო.

აგრო მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ფერმერებმა ვერ შეძლეს თხილის მოვლის ღონისძიებების სათანადოდ ჩატარება და, შესაბამისად, გაჩნდა წარმოების შემცირებასა და თხილის ხარისხის გაუარესებასთან დაკავშირებული მოლოდინები.

რაც შეეხება გასულ წლებს, საქართველოსთვის თხილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია: 2010-2021 წლებში თხილის ექსპორტმა მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 4.4% შეადგინა. 2013 წელს კი, ექსპორტირებული თხილის რაოდენობამ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია (30 ათასი ტონა). მომდევნო წლებში აღნიშნული მაჩვენებელი 19 ათას ტონამდე შემცირდა, თუმცა გაიზარდა ექსპორტირებული თხილის ღირებულება, რაც ნიშნავს, რომ ერთი კილოგრამი ექსპორტირებული ქართული თხილის ფასი უფრო მაღალი იყო, ვიდრე წინა წლებში. 2017 წელი თხილის სექტორისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა: გავრცელდა სხვადასხვა სოკოვანი დაავადება, ხოლო აზიური ფაროსანას შემოჭრამ კიდევ უფრო დაამძიმა სექტორში არსებული სიტუაცია. შედეგად, გაუარესდა როგორც წარმოებული თხილის ხარისხი, ისე შემცირდა წარმოებული რაოდენობაც. 2019 წელს თხილის სექტორმა აღდგენა დაიწყო და 2020 და 2021 წლებში თხილის წარმოება, ისევე როგორც ექსპორტი, კვლავ გაიზარდა.

ამ გამოწვევების საპასუხოდ, 2022 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ ახალი სუბსიდირების პროგრამა დაიწყო, რომელიც თხილის წარმოების ხელშეწყობასა და ფერმერების დახმარებას ითვალისწინებს. პროგრამა მიზნად ისახავს თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას თხილის ბაღების მესაკუთრეებისა და მეწარმეთა წახალისების გზით და თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საშუალებების სუბსიდირებას. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ფერმერები უნდა დარეგისტრირდნენ თხილის ბაღების კადასტრში. პროგრამისთვის 20 მილიონი ლარი გამოიყო. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის კონკრეტული სექტორის სუბსიდირების პირველი შემთხვევა. ბოლო ათი წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობა მუდმივად ასუბსიდირებდა ყურძნის, ვაშლისა და მანდარინის წარმოებას ქვეყნის მასშტაბით.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს თხილის ხარისხის გაუარესებასა და მოსავლის შემცირებაზე საუბრობდნენ თხილის მწარმოებელთა ასოციაციაშიც.