LIVE

თხილის ხარისხი გაუარესებულია, მოსავალი კი შემცირებული - ასოციაცია

10 დეკ 202211:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 493
თხილის ხარისხი გაუარესებულია, მოსავალი კი შემცირებული - ასოციაცია

თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ წელს საქართველოში თხილის ხარისხი გაუარესდა, მოსავალი კი დაახლოებით 40%-ით შემცირდა.

როგორც "ბიზნეს ფორმულას" ასოციაციაში განუცხადეს, მიზეზი გარკვეულწილად ისაა, რომ ფერმერებმა თხილის შეწამვლისა და მოვლის სამუშაოები სრულად არ ჩაატარეს. 

"წელს ნამდვილად არ არის კარგი წელი თხილის სექტორისთვის, შემცირებულია მოთხოვნაც და მოსავალიც. ხალხი რატომღაც საუბრობდა, რომ წამლობა აღარ არის საჭირო, რომ ტყუილად იხდიან შეწამვლისთვის ამდენ თანხებს, ფაროსანაც თითქოს სადღაც გაქრა, ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ აგრო ღონისძიებები შემცირდა და მოსავალი გაუარესდა",- აცხადებს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი თოდუა.

მისი თქმით, გაუტეხავი თხილის სარეალიზაციო ფასი ადგილობრივ ბაზარზე 3-დან 5 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო საექსპორტო ფასი დაახლოებით 5 ევროა. 

სექტორში იმაზეც საუბრობენ, რომ შემცირებულია მოთხოვნა ევროპულ ბაზრებზე, რაც ერთი მხრივ, უკრაინაში არსებული საომარი მდგომარეობით აიხსნება. მეორე მხრივ კი, უხვმოსავლიანობა ფიქსირდება თურქეთში, რომელიც თხილის მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორია. ამასთან, აგვისტო-ოქტომბრის მონაცემებით, თხილის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით 40%-ით არის შემცირებული. თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში აქვთ მოლოდინი, რომ წლევანდელი რეალიზაციის სეზონი გაიწელება, თუმცა გაუყიდავი თხილი მაინც არ დარჩება.

აღსანიშნავია, რომ თხილის სუბსიდირებისთვის წელს 20 მილიონი ლარი გამოიყოფა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც საკუთრებაში, ან სარგებლობაში აქვს 0.2-დან 3 ჰექტრამდე თხილის ფართობი, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით 500 ლარის დახმარებას მიიღებს. აღსანიშნავია, რომ აგრობარათებით, რომლებზეც შესაბამისი თანხის ოდენობით ქულები დაირიცხება, თხილის მოვლისთვის საჭირო სხვადასხვა საქონლის შეძენა იქნება შესაძლებელი.