LIVE

სამშენებლო კომპანიებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოსაკრებელი დაეკისრათ - სექტორის პოზიცია

12 იან 202316:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 520
სამშენებლო კომპანიებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოსაკრებელი დაეკისრათ - სექტორის პოზიცია

თბილისის მერიის დადგენილებით, 2022 წლის გაზაფხულიდან სამშენებლო კომპანიებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოსაკრებლის გადახდა დაეკისრათ, თუმცა მათი ნაწილი ახალი ვალდებულების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა.

"დეტალური ინფორმაცია არ გვქონდა, უცბად გავიგეთ, რომ გადასახადი დაგვეკისრა, ამიტომ სწრაფად გადავიხადეთ, რადგან ეს მერიის მხრიდან ხდება მშენებლობის შეჩერების საფუძველი. ვაპირებთ დაველაპარაკოთ რეგულაციის ავტორებს და თუ საჭირო გახდა, სამართლებრივადაც ვიდავოთ", - აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას "მონოლით ჯგუფის" დირექტორი, თორნიკე მაისურაძე.  

"ბიზნეს ფორმულა" საკითხის გასარკვევად თბილისის მერიას დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ მოსაკრებლის სახით მიღებული თანხები დასუფთავებას, სპეციალური ტექნიკის შეძენას და თბილსერვის ჯგუფის სხვადასხვა მიზნობრივ ხარჯებს მოხმარდება.

"პრაქტიკამ აჩვენა, რომ სამშენებლო ობიექტებზე ბევრი ნარჩენი წარმოიქმნება, რასაც თბილსერვისი უვლის, ასუფთავებს, რომელსაც სჭირდება შესაბამისი სპეც.ტექნიკა, ადამიანური რესურსი. თბილსერვისი ატარებდა სამშენებლო ობიექტებზე წარმოქმნილი ნარჩენების გაანგარიშებას, ქრონომეტრაჟს, რომ დათვლილიყო საშუალოდ რამდენი კუბური მეტრი ნარჩენი წარმოიქმნებოდა ამა თუ იმ ობიექტზე, სწორედ ამიტომ მოსაკრებელი კვადრატულზე 50 თეთრით განისაზღვრა. აკუმულირებული თანხა კი სრულად ქალაქის დასუფთავებას მოხმარდება", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ამასთან, როგორც ირკვევა, რეგულაციის ამოქმედებამდე მერიამ 20-ზე მეტ სამშენებლო კომპანიასთან საკითხი დეტალურად გაიარა და შესაბამისად, ცვლილების შესახებ სექტორის ნაწილი ინფორმირებული იყო.

სამშენებლო კომპანია "არსის" გენერალური დირექტორი, ბესო ორთოიძე აღნიშნავს, რომ მერიამ ამ გადასახადის საკომპენსაციოდ ისეთი რეგულაციები დააკორექტირა, რომლებიც არაერთი კომპანიისთვის გამოწვევას წარმოადგენდა. მაგალითისთვის, მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობისას ისეთი ფართის შემცირება მოხდა, რის ხარჯზეც კომპანიებს გასაყიდი ფართი გაეზარდათ, ამასთან შემცირდა პარკინგის ზომები, გზის გაბარიტები, რაც საშუალებას აძლევს კომპანიებს უფრო მეტი პარკინგი გააშენონ.

აღსანიშნავია, რომ აქამდე სამშენებლო კომპანიებს საყოფაცხოვრებო მოსაკრებლის გადახდა არ უწევდათ, რამდენადაც სამშენებლო ობიექტებზე საყოფაცხოვრებო ნარჩენი არ ხვდება, იქ მხოლოდ სამშენებლო ნარჩენებია, რომლის გადამუშავებისა და გატანის ვალდებულება კომპანიებს ისედაც აქვთ.