LIVE

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, წელს გლობალური ეკონომიკა 1.7%-ით გაიზრდება

11 იან 202312:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 546
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, წელს გლობალური ეკონომიკა 1.7%-ით გაიზრდება

გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიშის თანახმად, გლობალური ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდა გაზრდილი ინფლაციის, მაღალი საპროცენტო განაკვეთების, შემცირებული ინვესტიციების და უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული პრობლემების ფონზე.

უახლესი პროგნოზის მიხედვით, გლობალური ეკონომიკური ზრდა 2023 წელს 1.7%, ხოლო 2024 წელს 2.7% იქნება. აღსანიშნავია, რომ აქამდე საფინანსო ინსტიტუტი 2023 წელს გლობალური ეკონომიკის 3%-იან ზრდას ვარაუდობდა.

ამასთან, ანგარიშის თანახმად, ეკონომიკის მკვეთრი დაღმასვლა, სავარაუდოდ, ფართოდ გავრცელდება და მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნების 95%-ს და განვითარებადი ქვეყნებისა და ბაზრების დაახლოებით 70%-ს მოიცავს.

მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ახალი უარყოფითი მოვლენა, როგორებიცაა მოსალოდნელზე მაღალი ინფლაცია, მის შესაჩერებლად საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდა, პანდემიის ახალი ტალღა ან გეოპოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია, შესაძლოა, გლობალური ეკონომიკის რეცესიას განაპირობებდეს. ეს იქნება პირველი შემთხვევა გასული 80 წლის განმავლობაში, როდესაც ერთი ათწლეულის განმავლობაში ორი გლობალური ეკონომიკური ვარდნა აღინიშნება.

განვითარებად ქვეყნებში მომდევნო ორი წლის განმავლობაში შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, სავარაუდოდ, საშუალოდ 2.8% იქნება, რაც ერთი სრული პროცენტული ერთეულით ნაკლებია 2010-2019 წლების საშუალო მაჩვენებელზე. საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებში, სადაც მსოფლიოს უკიდურესად ღარიბი მოსახლეობის დაახლოებით 60% ცხოვრობს, მოსალოდნელია, რომ 2023-2024 წლებში შემოსავლის ზრდა ერთ სულზე საშუალოდ მხოლოდ 1.2% იყოს, რამაც შესაძლოა სიღარიბის მაჩვენებლების ზრდა გამოიწიოს.

განვითარებულ ქვეყნებში, პროგნოზის თანახმად, ეკონომიკური ზრდა 2022 წლის 2.5%-იანი მაჩვენებლიდან 2023 წელს 0.5%-მდე შემცირდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში 2023 წელს მოსალოდნელია ზრდის მაჩვენებლის 0.5%-მდე ვარდნა, რაც 1.9 პროცენტული ერთეულით ნაკლებია წინა პროგნოზებთან შედარებით და 1970 წლის შემდეგ ეფექტიანობის უდაბლესი მაჩვენებელია, ოფიციალური რეცესიების მიღმა. 2023 წელს ევროზონაში მოსალოდნელია ნულოვანი ეკონომიკური ზრდა, რაც 1.9 პროცენტული ერთეულით დაღმავალი კორექტირების შედეგი იქნება. 2023 წელს ჩინეთში ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელია 4.3%-ის დონეზე, რაც 0.9 პროცენტული ერთეულით ნაკლებია წინა პროგნოზებზე.

ანგარიშის მიხედვით, განვითარებად ბაზრებსა და ქვეყნებში, ჩინეთის გამოკლებით, ზრდა 2023 წელს, სავარაუდოდ, 2022 წლის 3.8%-იანი მაჩვენებლიდან 2.7%-მდე შემცირდება, რაც მნიშვნელოვნად სუსტ გარე მოთხოვნას ასახავს. მსოფლიო ბანკი მიუთითებს, რომ აღნიშნული გამოწვეულია მაღალი ინფლაციით, ვალუტის გაუფასურებით, დაფინანსების მკაცრი პირობებით და განვითარების შემაფერხებელი სხვა ადგილობრივი ფაქტორებით. 2024 წლის ბოლოსთვის განვითარებად ბაზრებზე და ქვეყნებში მთლიანი შიდა პროდუქტი პანდემიამდე მოსალოდნელ დონეზე დაახლოებით 6%-ით ნაკლები იქნება. გლობალური ინფლაციის ზომიერი მაჩვენებლის მოლოდინის მიუხედავად, ის პანდემიამდელ დონეზე მაღლა შენარჩუნდება.

უფრო დეტალურად, რეგიონული პერსპექტივები შემდეგია:

  • აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნები:  2023 წელს რეგიონში ზრდა სავარაუდოდ  4.3%-მდე შემცირდება, ხოლო 2024 წელს 4.9%-მდე მოიმატებს;
  • ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები: რეგიონის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2023 წელს 0.1%-მდე შემცირდება, ხოლო 2024 წელს 2.8%-ით მოიმატებს;
  • ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები: 2023 წელს მოსალოდნელია რეგიონული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის კლება 1.3%-მდე, ხოლო 2024 წელს მატება 2.4%-მდე; 
  • ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები: ეკონომიკური ზრდა რეგიონში შენელდება 3.5%-მდე 2023 წელს და 2.7%-მდე 2024 წელს;
  • სამხრეთი აზიის ქვეყნები: ეკონომიკური ზრდა რეგიონში 2023 წელს სავარაუდოდ  შენელდება 5.5%-მდე და 2024 წლისთვის 5.8%-მდე მოიმატებს;
  • საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნები: 2023 წელს მოსალოდნელია რეგიონში ეკონომიკური ზრდის შენელება 3.6%-მდე, ხოლო 2024 წელს მატება 3.9%-მდე. 

რაც შეეხება საქართველოს, ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველოში მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის 4%-მდე შენელება.