LIVE

რონალდუს ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფასი საუდის არაბეთისთვის

07 იან 202317:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1812
რონალდუს ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფასი საუდის არაბეთისთვის
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ მიმდინარე კვირაში საუდის არაბეთის დედაქალაქში, რიადში ჩავიდა სადაც ძვირფას მონაპოვარს ექსტრავაგანტური ცერემონიალით დახვდნენ.
 
ნავთობით მდიდარმა მონარქიამ ფეხბურთელი Al Nassr FC-ში ორწლიან კონტრაქტზე დაითანხმა. ადგილობრივი მედიის ცნობით, წლიურად $200 მილიონიანი ანაზღაურების სანაცვლოდ, რითაც რონალდუ მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. 
 
მეორე მხრივ, ეს ტრანზაქცია სპარსეთის ყურის მონარქიის გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ამბიციებზე მეტყველებს, რომელთა მიღწევის ერთ-ერთი გზა სწორედ სპორტზე გადის - როგორც ჩანს, ნებისმიერ ფასად.
 
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საუდის არაბეთის მიერ რონალდუს გადაბირება უფრო მასშტაბური სტრატეგიის ნაწილია, რომლითაც მდიდარი მონარქია ერთი მხრივ, შემოსავლის წყაროების დივერსიფიცირებას ცდილობს, ხოლო მეორე მხრივ - სურს სერიოზულ მოთამაშედ იქცეს გლობალურ სპორტულ არენაზე. 
 
"ვფიქრობ საუდის არაბეთმა რამდენიმე წლის წინ გააცნობიერა, რომ გლობალური ძალაუფლების მოსაპოვებლად მხოლოდ ხისტი ძალის იმედი ვერ ექნება. საჭიროა ინვესტირება რბილ ძალაშიც და ყატარის მაგალითი მოწმობს, რომ ეს საკმაოდ კარგად მუშაობს,” განუცხადა CNN-ს Georgetown University Qatar-ის მკვლევარმა და ასოცირებულმა პროფესორმა, დენიელ რაიხემ, რომელიც თვლის, რომ საუდის არაბეთი სპორტთან მიმართებაში სწორედ ყატარის მაგალითს მისდევს, თუმცა 25-წლიანი ჩამორჩენით. 
 
ფაქტია, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები ერთმანეთთან მძაფრ კონკურენციაში არიან იმისთვის, რომ რეგიონში გართობისა და სპორტის წამყვან ჰაბად იქცნენ. მაგალითად, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ყატარი და ბაჰრეინი - სამივე ცალ-ცალკე ფლობს Formula One-ის სარბოლო ღონისძიების გამართვის ლიცენზიას. ოფიციალური რიადი კი ცდილობს დაეწიოს მეზობლებს, რომლებმაც დიდი ხნის წინ გაანალიზეს სპორტში ინვესტირების მნიშვნელობა. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა მათ შემოსავლის მთავარი წყარო - ნავთობი - ამოწურვადი რესურსია, ეკონომიკას კი შემოსავლის ახალი წყაროები სჭირდება. 
 
რონალდუს ახალი კლუბის, Al Nassr-ის მხარდამჭერი Qiddiya Investment Company-ია, რომელიც სამეფოს კუთვნილი საჯარო ინვესტიციების ფონდის შვილობილია. სწორედ ეს ფონდი ასრულებდა წამყვან როლს საუდის არაბეთის დივერსიფიკაციის გეგმის შექმნაში. 
 
გარდა ეკონომიკის დივერსიფიკაციისა, სამეფოს კიდევ ერთი თავსატეხი აქვს - ადამიანის უფლებების დაცვისა და ქალების მიმართ მოპყრობის ნაწილში შელახული იმიჯის აღდგენა. რასაც თან ერთვის 2018 წლის გახმაურებული სკანდალი, როდესაც Washington Post-ის მიმომხილველის, ჯამალ ხაშოგის სასტიკი მკვლელობისთვის სხვა პირებთან ერთად საუდის არაბეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლებიც დააკავეს. 
 
კრიტიკოსებმა საუდის არაბეთის სპორტულ წიაღსვლებს სპეციალური ტერმინი "sportwashing"-იც კი მოუფიქრეს იმის ხაზგასასმელად, რომ მონარქია ცდილობს შელახული რეპუტაცია სპორტის მეშვეობით გამოისწოროს. 
 
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ საუდის არაბეთი სპორტში მცდელობას არ აკლებს. მათ შორის, შეიძლება დასახელდეს არგენტინელ ლიონელ მესისთან შარშან გაფორმებული შეთანხმება, რომლითაც მესიმ საუდის არაბეთის პოპულარიზაციას უნდა შეუწყოს ხელი. ფეხბურთელმა წლევანდელი წელი მსოფლიოს ჩემპიონის თასით დაასრულა ყატარში, რითაც მისმა თანამშრომლობამ საუდის არაბეთთან კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. 
 
გარდა ამისა, საუდის არაბეთმა 2021 წელს პრემიერ ლიგის გუნდი Newcastle United შეისყიდა სამმხრივი კონსორციუმის მეშვეობით, სადაც ყველაზე დიდი წილი კვლავ ზემოხსენებულ საჯარო ინვესტიციების ფონდს აქვს. "Sportwashing" შეფასებები ამ ტრანზაქციასაც არ აკლდა ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების მხრიდან.
 
არანაკლები კრიტიკა ისმის ახლა რონალდუს კონტრაქტთან დაკავშირებითაც - არასამთავრობო ჯგუფები ფეხბურთელს მოუწოდებენ გაამახვილოს ყურადღება ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საუდის არაბეთში. 
 
არის ცნობები, რომ საუდის არაბეთი ფიქრობს განაცხადის გაკეთებაზე 2030 წელს მსოფლიო თასის მასპინძლობისთვის, თუმცა ოფიციალურ დონეზე ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამს. სავარაუდოა, რომ რონალდუს გადაბირება სამეფოს ამ გეგმის შესრულებაშიც დაეხმარება.