LIVE

$90,000-დან $900,000-მდე - რამდენს უხდიან დასაქმებულებს Tesla, Netflix და სხვები

07 იან 202313:13
3 წუთის საკითხავი
clock clock 4294
$90,000-დან $900,000-მდე - რამდენს უხდიან დასაქმებულებს Tesla, Netflix და სხვები

კალიფორნიაში მიმდინარე კვირიდან ამოქმედდა კანონი, რომელიც კომპანიებს 15-ზე მეტი დასაქმებულით ავალდებულებს ვაკანსიის გამოქვეყნებისას მიუთითონ გონივრული ანაზღაურება, რომლის მოლოდინიც შეიძლება ჰქონდეს სამუშაოთი დაინტერესებულ პირს.

კომპანიებმა ამ რეგულაციას საკმაოდ ლიბერალური ინტერპრეტაცია მოუძებნეს და შედეგად, ვაკანსიებში იმდენად ფართო სახელფასო დიაპაზონი მიუთითეს, რომ ისევ რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა ანაზღაურების მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს აპლიკანტს. 

ასე მაგალითად, Tesla-ს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის მოსალოდნელი შემოსავალი $83,200-დან 417,600 დოლარამდე მერყეობს. პარალელურად, Netflix-ის ერთ-ერთ ვაკანსიაში, ასევე სოფთვეარ ინჟინრის პოზიციაზე, ანაზღაურების დიაპაზონი $90,000-დან $900,000-მდეა, ხოლო მეორეში, სადაც პოზიცია განსხვავებულია - $50,000-დან $600,000-მდე. 

კანონის ამოქმედების შემდეგ გამოქვეყნებული 53,000 ვაკანსიიდან ყველაზე დიდი სახელფასო დიაპაზონი სწორედ ამ ორ კომპანიას ჰქონდა, მაშინ როცა საშუალო მაჩვენებელი სხვა ვაკანსიებისთვის $130,000-დან $200,000-მდეა.

სამუშაოს აღწერილობაში, Tesla-მ მიუთითა, რომ ანაზღაურება მოიცავს ხელფასს, ბონუსს და სხვა კომპენსაციებს, დასაქმებულისთვის შეთავაზებული ჯამური თანხა კი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად არის ბაზირებული სამუშაო ადგილი, ასევე რა ცოდნა, გამოცდილება და უნარები აქვს აპლიკანტს. ანალოგიური აღწერილობა ჰქონდა Netflix-საც. საბოლოოდ, გამოდის, რომ კონკრეტულ დეტალებს დასაქმების მსურველი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიგებს, თუ კომპანია მის დასაქმებას გადაწყვეტს. 

"ზოგიერთმა კომპანიამ ვაკანსიებში ანაზღაურების მართლაც ძალიან ფართო დიაპაზონი მიუთითა. ეს ბევრმა შეიძლება ჩათვალოს არაკეთილსინდისიერ მიდგომად, რომელიც კანონის მიზანთან თანხვედრაში არ მოდის," განუცხადა Bloomberg-ს Comprehensive.io-ს თანადამფუძნებელი როჯერ ლი, რომელმაც 700 ტექნოლოგიური კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ვაკანსიები გაანალიზა. 

სინამდვილეში, ახალი კანონის მთავარი მიზანი დასაქმებულთა ანაზღაურებაში გენდერული და რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრაა. ამ კანონის ფარგლებში, კალიფორნიაში დასაქმებულებს ასევე აქვთ უფლება დამსაქმებელს მოსთხოვონ ინფორმაცია, თუ როგორია კონკრეტულად მათ პოზიციაზე ანაზღაურების დიაპაზონი, რათა განსაზღვრონ რამდენად მეტს ან ნაკლებს იღებენს სხვა დასაქმებულებთან შედარებით. 

რამდენადაც ნიუ-იორკის და კალიფორნიის შემდეგ სხვა შტატებიც ეტაპობრივად იღებენ გამჭვირვალობის კანონს, კორპორაციებმა, როგორიცაა Microsoft, Citigroup და Google, ვაკანტურ პოზიციებზე სახელფასო ანაზღაურების დიაპაზონების მითითება დაიწყეს, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ამის ვალდებულება არ აქვთ. დარგის სპეციალისტები იუწყებიან, რომ დასაქმებულებიც სულ უფრო ხშირად ინტერესდებიან, თუ როგორია სახელფასო ანაზღაურების სხვაობა მათ პოზიციებზე. 

ზოგიერთ შტატში კომპანიებს საერთოდ ეკრძალებათ დასაქმებულს ჰკითხონ, თუ რამდენი იყო მისი ანაზღაურება წინა სამსახურში და ასევე არაკანონიერად ითვლება შეზღუდვა, რომლითაც დასაქმებულებს ეკრძალებათ კოლეგებისთვის საკუთარი ანაზღაურების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება.