
კომუნიკაციების კომისიამ მობილური ვირტუალური ოპერატორის სავალდებულო დაშვების შესახებ რეგულაციის ამოქმედების ვადა 6 თვით გაახანგრძლივა.
კომისიის გადაწყვეტილებით, მობილური ოპერატორები „მაგთიკომი“, „სილქნეტი“ და „ბილაინი“ ვალდებულნი არიან ქსელზე დაშვების მსურველი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორებისთვის შეთავაზება 2023 წლის 30 ივნისამდე გამოაქვეყნონ.
მობილური ვირტუალური ოპერატორების (MVNO) ასოციაციის წევრებმა შპს „ჯიენსი“, შპს „ინექსფონი“ და შპს „მაიფონი“ კომუნიკაციების კომისიას ამ თვეში თხოვნით მიმართეს, რომ ძალაში დაეტოვებინა 2019 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მობილურ ოპერატორებს დაეკისრათ ვირტუალური ოპერატორის საკუთარ ქსელზე დაშვების ვალდებულება.
MVNO ვირტუალური მობილური ოპერატორია, რომელსაც საკუთარი ინფრასტრუქტურა და ქსელი არ გააჩნია. MVNO კომპანიების ბაზარზე შესვლისთვის საჭიროა, მსხვილმა მობილურმა ქსელებმა - „მაგთიკომმა“, „სილქნეტმა“ და „ბილაინმა“ ისინი საკუთარ ქსელზე დაუშვან, რისთვისაც საქართველოს კომუნიკაციების კომისია 2022 წლის ბოლოს ქვეყანაში ვირტუალური მობილური ოპერატორების სავალდებულო წესით დაშვებას გეგმავდა. თუმცა იმ ფონზე, რომ „სილქნეტმა“ საკუთარ ქსელზე უკვე დაუშვა MVNO „ეკლეკტიკსი“, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაურის განცხადებით, მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ MVNO ოპერატორობის თაობაზე საკითხებს კონკურენციის შესახებ კანონში შესული ცვლილებებიც დაარეგულირებს და კომისიის ჩარევა საჭირო აღარ იქნება.