
მობილური ვირტუალური ოპერატორების (MVNO) ასოციაციის წევრები შპს „ჯიენსი“, შპს „ინექსფონი“ და შპს „მაიფონი“ კომუნიკაციების კომისიას თხოვნით მიმართავენ, ძალაში დატოვოს 2019 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მობილურ ოპერატორებს დაეკისრათ ვირტუალური ოპერატორის საკუთარ ქსელზე დაშვების ვალდებულება.
„ვთვლით, რომ არამც თუ უნდა გაუქმდეს რეგულაცია, არამედ პირიქით, კომისია უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ სფეროს რეგულირებაში. სწორედ ამიტომ, კომუნიკაციების კომისიას მივმართავთ თხოვნით, არ გააუქმოს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის სავალდებულო დაშვების გადაწყვეტილება.
MVNO ასოციაციაში შემავალ სამივე კომპანიას ბოლო სამი წლის განმავლობაში როგორც საჯარო, ისევე კერძო მიმართვებში არაერთხელ გვაქვს გაცხადებული მზაობა და სურვილი მობილურ ქსელზე ვირტუალური ოპერატორის დაშვების მოპოვების, რაც ქართველი მომხმარებლისთვის ინოვაციური და მათ მოთხოვნებზე მორგებული სერვისების მიწოდებას ნიშნავს. ამასთან, ქსელის ოპერატორების მხრიდანაც არაერთხელ გაკეთდა საჯარო განცხადება იმის თაობაზე, რომ მზად არიან მობილური ვირტუალური ოპერატორი დაუშვან საკუთარ ქსელზე, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, ამ დრომდე სიტყვიერი მოლაპარაკებიდან რეალურ სამუშაო პროცესში გადასვლა არც ერთ ჩვენგანთან არ მომხდარა.
ქსელის ოპერატორების საჯარო მზაობა მხოლოდ ერთი ოპერატორის მიერ და მხოლოდ ერთი ახლად დაარსებული კომპანიის დაშვებით შემოიფარგლა. კერძოდ, საუბარი გვაქვს შპს „ეკლეკტიკსა“ და სს „სილქნეტს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წელს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე „ჰალოს“ სახელით პირველმა ქართულმა ვირტუალურმა მობილურმა ოპერატორმა დაიწყო საქმიანობა და დღეის მდგომარეობით 80-მდე აბონენტი ერიცხება“, - ვკითხულობთ ასოციაციის წევრი 3 კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიები აღნიშნავენ, რომ MVNO ოპერატორების დაშვებასთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან სამი წლის თავზე, მაშინ, როდესაც ამ პერიოდის განმავლობაში ქსელის ოპერატორებისგან უამრავი წინააღმდეგობა და პრობლემა არსებობს, მოულოდნელად შპს ,,ეკლეკტიკის“ ბაზარზე გამოჩენა და ყოველგვარი შეფერხების გარეშე მასთან ხელშეკრულების გაფორმება, უამრავ ეჭვსა და კითხვას აჩენს.
„MVNO დაშვების მსურველ ასოციაციაში შემავალ კომპანიებს გვიჩნდება განცდა, რომ არსებული შეთანხმება შპს ,,ეკლეკტიკსა“ და სს ,,სილქნეტს“ შორის არა სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარებასა და მომხმარებელზე ორიენტირებული ახალი შეთავაზებების შექმნას, არამედ ფასადურად კომისიისთვის მიცემული პირობის შესრულებას ისახავს მიზნად“, - აცხადებენ კომპანიები.
მათი განმარტებით, „ეკლექტიკი“ ისე გახდა MVNO ხელშეკრულების მფლობელი, რომ მარეგულირებელ კომისიაში ავტორიზაცია გავლილი არც კი ჰქონდა.
ცნობისთვის, MVNO ვირტუალური მობილური ოპერატორია, რომელსაც საკუთარი ინფრასტრუქტურა და ქსელი არ გააჩნია. MVNO კომპანიების ბაზარზე შესვლისთვის საჭიროა, მსხვილმა მობილურმა ქსელებმა - „მაგთიკომმა“, „სილქნეტმა“ და „ბილაინმა“ ისინი საკუთარ ქსელზე დაუშვან, რისთვისაც საქართველოს კომუნიკაციების კომისია 2022 წლის ბოლოს ქვეყანაში ვირტუალური მობილური ოპერატორების სავალდებულო წესით დაშვებას გეგმავდა. თუმცა იმ ფონზე, რომ „სილქნეტმა“ საკუთარ ქსელზე უკვე დაუშვა MVNO „ეკლეკტიკსი“, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაურის განცხადებით, მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ MVNO ოპერატორობის თაობაზე საკითხებს კონკურენციის შესახებ კანონში შესული ცვლილებებიც დაარეგულირებს და კომისიის ჩარევა საჭირო აღარ იქნება.