LIVE

Meta მზადაა, Cambridge Analytica-ს საქმეზე $725 მილიონი გადაიხადოს

23 დეკ 202217:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 373
Meta მზადაა, Cambridge Analytica-ს საქმეზე $725 მილიონი გადაიხადოს

Facebook-ის მშობელი კომპანია Meta Platforms თანახმაა, გადაიხადოს $725 მილიონი, რათა დასრულდეს Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული დავა. 

მიღწეული შეთანხმებით, Meta მიუახლოვდა 2018 წელს გახმაურებული სკანდალის შემდეგ დაწყებული გრძელვადიანი სარჩელის დასასრულს. მაშინ ცნობილი გახდა, რომ Facebook-მა ბრიტანულ პოლიტიკურ საკონსულტაციო ფირმას Cambridge Analytica-ს 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე წვდომის უფლება მისცა.

მოსარჩელეების ადვოკატებმა შეთანხმება შეაფასეს, როგორც ყველაზე დიდი, რაც კი ოდესმე მიღწეულა აშშ-ის მონაცემთა კონფიდენციალურობის მიმართულებით და ამავე დროს, დასახელებული რიცხვი არის ყველაზე დიდი თანხა, რაც კი Meta-ს ჯგუფური სარჩელის გადასაჭრელად გადაუხდია

შეთანხმების მიუხედავად, Meta-მ დანაშაული არ აღიარა და განაცხადა, რომ შეთანხმება „საზოგადოებისა და აქციონერების საუკეთესო ინტერესებშია.“

"გასული სამი წლის განმავლობაში განვაახლეთ კონფიდენციალურობისადმი მიდგომა და განვახორციელეთ კონფიდენციალურობის ყოვლისმომცველი პროგრამა,” - აცხადებს Meta. 

Cambridge Analytica, რომელიც ახლა უკვე დაშლილია, 2016 წელს დონალდ ტრამპის წარმატებულ საპრეზიდენტო კამპანიაზე მუშაობდა. არჩევნებში გამოყენების მიზნით, მან მოიპოვა წვდომა მილიონობით ადამიანის პერსონალურ ინფორმაციაზე. 

Cambridge Analytica-მ ეს ინფორმაცია მომხმარებელთა თანხმობის გარეშე მოიპოვა მკვლევრისგან, რომელმაც მონაცემები Facebook-ის აპლიკაციის მეშვეობით, მილიონობით მომხმარებლისგან მოაგროვა. ამბის გახმაურების შემდეგ, მრავალმხრივი გამოძიება დაიწყო. სახელმწიფო გენერალური პროკურორების მიერ გამოძიება გრძელდება.