LIVE

ADB-მა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.8%-მდე გაზარდა

16 დეკ 202214:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 459
ADB-მა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.8%-მდე გაზარდა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) კავკასიისა და ცენტრალური აზიის 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.9%-დან 4.8%-მდე გაზარდა.

განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი გლობალური პროგნოზის გაუარესების ფონზე, შეამცირა. შესაბამისად რეგიონის ეკონომიკა წელს 4.2%-ით გაიზრდება, მომავალ წელს კი - 4.6%-ით. სექტემბერში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს აზიის განვითარების ბანკი ეკონომიკის ზრდას 4.3%-ით, ხოლო 2023 წელს - 4.9%-ით ვარაუდობდა.  

ADB-ის თანახმად, ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება როგორც მსოფლიოს, ასევე რეგიონის მასშტაბით, რუსეთის გახანგრძლივებული საომარი მოქმედებები უკრაინაში და ჩინეთში პერიოდულად გამოცხადებული კარანტინები, აფერხებს განვითარებადი აზიის აღდგენას კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ. საფინანსო ინსტიტუტის შეფასებით, უძრავი ქონების ბაზრის სირთულეებთან ერთად, „ნულოვანი კოვიდის“ მიდგომით გამოწვეულმა შეზღუდვებმა კიდევ ერთხელ შეამცირა ჩინეთის ზრდის პროგნოზი.

„აზია და წყნარი ოკეანის რეგიონი განაგრძობენ გაჯანსაღებას, მაგრამ გლობალური პირობების გაუარესება იმას ნიშნავს, რომ ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, რეგიონის ინერცია იკლებს. მთავრობებმა ერთმანეთთან უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ, რათა გადალახონ კოვიდ-19-თან დაკავშირებული გაჭიანურებული გამოწვევები, აღმოფხვრან სურსათსა და ენერგიაზე მომატებული ფასების შედეგები, განსაკუთრებით ღარიბ და დაუცველ მოსახლეობაში და უზრუნველყონ ეკონომიკის მდგრადი, ინკლუზიური აღდგენა“, - განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა ალბერტ პარკმა.

აზიის განვითარების ბანკმა განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის მიმდინარე წლის ინფლაციის პროგნოზი 4.5%-დან 4.4%-მდე შეამცირა. თუმცა ბანკმა 4%-დან 4.2%-მდე გაზარდა ვარაუდი მომავალი წლისათვის, ენერგეტიკით და სურსათით გამოწვეული ინფლაციური რისკების გაჭიანურების გამო.

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა წელს 3%-ით არის პროგნოზირებული, ადრე ნავარაუდებ 3.3%-თან შედარებით. მომავალი წლის პროგნოზი კი 4.5%-დან 4.3%-მდე შემცირდა მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკური ზრდის შემცირების გამო. მშპ-ის ზრდასთან დაკავშირებული ვარაუდები შენარჩუნდა ინდოეთისათვის 7%-ზე მიმდინარე ფისკალური წლისთვის და 7.2%-ზე მომდევნო ფისკალური წლისთვის.

ADB-ის შეფასებით, პროგნოზების შემცირების მიუხედავად, განვითარებადი აზიის რეგიონი მაინც უკეთეს მდგომარეობაში იქნება მსოფლიოს სხვა რეგიონებთან შედარებით, როგორც ზრდის, ისე ინფლაციის თვალსაზრისით.

აზიის განვითარების ბანკმა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის მიმდინარე წლის ზრდის პროგნოზი 5.1%-დან 5.5%-მდე გაზარდა, მალაიზიაში, ფილიპინებში, ტაილანდსა და ვიეტნამში მაღალი მოხმარებისა და ტურიზმის აღდგენის ფონზე. თუმცა, მომავალი წლისთვის ვარაუდები 5%-დან 4.7%-მდე შემცირდა გლობალური მოთხოვნის კლების გამო. ზრდის პროგნოზი წყნარი ოკეანისთვის 4.7%-დან 5.3%-მდე გაზარდა, ფიჯის რესპუბლიკაში ტურიზმის მყარი აღდგენის შედეგად.