LIVE

Moderna-ს კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინას დამაიმედებელი შედეგები აქვს

18 დეკ 202211:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 435
Moderna-ს კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინას დამაიმედებელი შედეგები აქვს
ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ, Moderna-მ კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირების პროცესში მნიშვნელოვანი წარმატების შესახებ განაცხადა. კერძოდ, Moderna-ს კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის შუალედური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ პრეპარატი სიკვდილის და კანის კიბოს რეციდივის რისკებს ამცირებს.
 
კომპანიის განცხადებით, მისი პერსონალიზებული კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის პროგრამის შუალედური შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ RNA ტექნოლოგიამ შესაძლოა გარდამტეხი როლი შეასრულოს კიბოს მკურნალობაშიც, მიღმა COVID-19-სა. ინვესტორები ამ სიახლემ კეთილად განაწყო, შედეგად Moderna-ს აქციებმა ამ განცხადების შემდეგ 21%-იანი ზრდა აჩვენა.  
 
ბოლო კვლევაში მელანომის, კანის კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმის მქონე 157 პაციენტი მონაწილეობდა. პაციენტებს ჩაუტარდათ ოპერაცია და შემდეგი მკურნალობა მიმდინარეობდა ან მხოლოდ Merck-ის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატის, Keytruda-ს გამოყენებით, რომელიც მკურნალობის ამჟამინდელი სტანდარტია, ან Keytruda-ს და Moderna-ს ვაქცინის კომბინაციით. Moderna-მ თითოეული ვაქცინა თითოეული ადამიანის უნიკალურ დნმ-ს, ანუ გენეტიკური პროგრამის გადამტან მაკრომოლეკულას მოარგო, ავტომატიზებული ლაბორატორიული პროცესის გამოყენებით. კვლევამ დაადასტურა, რომ ჯგუფს რომელიც Moderna-ს ვაქცინას იღებდა, კიბოს რეციდივის და სიკვდილიანობის მაჩვენებელი 44%-ით შეუმცირდა, მხოლოდ Keytruda-ს მიმღებ პაციენტებთან შედარებით. 
 
თუმცა, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ვაქცინის გრძელვადიანი წარმატებულობა ჯერ კიდევ საჭიროებს მეტ დადასტურებას. 
 
"ახლა ჩვენ ონკოლოგიური კომპანია ვართ და უახლოეს მომავალში შესაძლოა ყველაზე მსხვილ ონკოლოგიურ კომპანიად ვიქცეთ,"- განუცხადა Business Insider-ს ბიოტექნოლოგიური კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტეფან ბანცელმა. 
 
ეს კომპანია ცნობილი 2020 წელს გახდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი პირველი ვაქცინა შექმნა კორონავირუსის წინააღმდეგ mRNA ტექნოლოგიის გამოყენებით. სწორედ კორონავირუსის ვაქცინა იყო 2010 წელს შექმნილი კომპანიის პირველი მარეგულირებელი უწყების მიერ დამტკიცებული პროდუქტი. Moderna-ს აღმასრულებელ დირექტორს კიბოს პრეპარატთან დაკავშირებული კვლევები კოვიდის გავრცელების თავდაპირველ პერიოდს აგონებს, როცა კომპანია სწრაფად რეაგირებას და ვაქცინის დაჩქარებულ რეჟიმში შექმნას ცდილობდა.
 
"ახლა საერთო მტერი კიბოა და ჩვენ ვიცით, რომ ტექნოლოგია მუშაობს,"- განაცხადა ბანცელმა. მისი თქმით, Moderna-ს mRNA მიდგომა წარმატების ძირითადი საწინდარია. ამ ტექნოლოგიას მწარმოებელი იმისთვის იყენებს, რომ შეაღწიოს იმუნური სისტემის უჯრედებში და მომართოს ისინი იმგვარად, რომ გამოიმუშაონ კონკრეტული პროტეინი ორგანიზმში გავრცელებულ კიბოსთან საბრძოლველად. ბანცელს სჯერა, რომ ამ მიდგომას დიდი პოტენციალი აქვს, ხოლო სამიზნე ბაზარმა შესაძლოა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინისას გადააჭარბოს. 
 
"ეს ისეთივე მასშტაბური მოვლენა იქნება, როგორიც Keytruda-ა, ან კიდევ უფრო მასშტაბურიც,"- დასძინა მან მისი ვაქცინის შედარებისას Merck-ის კიბოს სამკურნალო პრეპარატთან, რომლის გაყიდვებმა 15,5 მილიარდ დოლარს მიაღწია 2022 წლის პირველ 9 თვეში.
 
Moderna და მისი პარტნიორი Merck საბოლოო ეტაპის კვლევების ჩატარებას მომავალ წელს გეგმავენ. ეს კვლევები შეამოწმებს ვაქცინის ეფექტურობას არა მხოლოდ მელანომასთან, არამედ კიბოს სხვა ფორმებთან მიმართებაშიც. Merck-მა წელს $250 მილიონი გადაიხადა იმისთვის, რომ Moderna-სთან ერთად ემუშავა კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე, რითაც კიდევ უფრო მეტად გააფართოვა 2016 წელს დაწყებული პარტნიორობა.  
 
თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ სატესტო კვლევების დასრულებას წლები დასჭირდება, რასაც ბანცელიც აღიარებს. შესაბამისად, FDA-ს მიერ ახალი ვაქცინის დამტკიცება და მისი კომერციულ ქსელში ჩაშვება უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის.