LIVE

ჰალო MVNO ასოციაციას პასუხობს

14 დეკ 202215:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 752
ჰალო MVNO ასოციაციას პასუხობს

საქართველოში პირველი ვირტუალური მობილური ოპერატორი (MVNO) "ჰალო" აცხადებს, რომ უკვე 1500-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. 

"ჰალოში" MVNO ასოციაციის განცხადებას ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ მასში მოყვანილი გარემოებების სისწორე გადამოწმებული არ იყო.

"პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ჰალო არის პირველი ვირტუალური მობილური ოპერატორი საქართველოში, რომელსაც უკვე ჰყავს 1500-ზე მეტი მომხმარებელი და ჩვენ აქტიურად ვმოქმედებთ მათი რაოდენობის გაზრდისათვის. ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი კომერციული გეგმა, რომელიც გულისხმობს მიზნობრივი ბაზრის 5%-ის ათვისებას უახლოეს წლებში, რისთვისაც უკვე განვახორციელეთ რიგი ქმედებები.

დღეისათვის, ჰალოს აქვს ორი გაყიდვის წერტილი: (1) ქალაქ თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირი N66-ში, სადაც შესაძლებელია ყველა სერვისის მიღება (მაგალითად პორტირება, sim ბარათის შეცვლა, ნომრის შეძენა) და (2) ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც ფუნქციონირებს 2022 წლის 4 ნოემბრიდან. ასევე დამატებით, სადილერო ქსელის საშუალებით მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება გაყიდვები.

არსებულ თუ პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაციის გამარტივების მიზნით, საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად მუშაობს ჰალოს ოფიციალური სოციალური ქსელები. გარდა ფიზიკური მისამართებისა და სოციალური ქსელებისა, ჩვენთან დაკავშირება ასევე შესაძლებელია ცხელი ხაზის მეშვეობითაც. ცხელი ხაზის ნომრებია 11 00 10 და 0322 22 32 22, რომელიც ხელმისაწვდომია 09:00-დან 24:00-მდე, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია მოცემულია საჯარო წყაროებში.

აღსანიშნავია, რომ ჰალოს დაწყებული აქვს მარკეტინგული კომუნიკაცია მომხმარებლებთან და მათ სთავაზობს ყველაზე მოთხოვნად პროდუქტზე - მობილურ ინტერნეტზე საინტერესო შეთავაზებებს.

იმისათვის, რომ ჰალო იყოს მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად კომფორტული ოპერატორი, პროდუქციის მიწოდების პროცესის გამარტივების მიზნით, დღეისათვის მიმდინარეობს მოლაპარაკება ჰალოსა და საქართველოს ფოსტას შორის, გაყიდვების უშუალოდ ფოსტის ოფისის მეშვეობით განსახორციელებლად.

ასევე, სამომავლოდ მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად საინტერესო და საჭირო მომსახურების მიწოდების მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ელექტრონული კომერციისა და E-sim ინტეგრაციაზე და უახლოეს მომავალში მომხმარებლისთვის ამ სერვისის მიწოდებაც მოხდება.

ჰალო მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების კომფორტზე მათ შორის კონკრეტულ სერვისებზე ფასების თვალსაზრისითაც - ჰალოს მომხმარებლები იღებენ მობილურ სერვისებს საკმაოდ კონკურენტუნარიან ფასად და მაღალ ხარისხში, რის გამოც ჰალოს სააბონენტო ბაზა არის მზარდი.

ჩვენთვის ბუნდოვანია, რატომ მოხდა მობილური ვირტუალური ოპერატორების (MVNO) ასოციაციის წევრების ერთობლივი განცხადების გამოქვეყნება ისე, რომ განცხადებაში მოყვანილი გარემოებების სისწორე ჩვენთან არ გადამოწმდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პირველი ვირტუალური მობილური ოპერატორის გამოჩენა ძალიან საინტერესოა და ხელს უწყობს ბაზარზე კონკურენტუნარიანობის და მრავალფეროვნების ზრდას ",- აღნიშნულია "ჰალოს" განცხადებაში.

მობილური ვირტუალური ოპერატორების (MVNO) ასოციაციის წევრებმა (შპს "ჯიენსი", შპს "ინექსფონი" და შპს "მაიფონი") კომუნიკაციების კომისიას 8 დეკემბერს მიმართეს, ისინი კომისიას სთხოვენ, რომ ძალაში დატოვოს 2019 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მობილურ ოპერატორებს დაეკისრათ ვირტუალური ოპერატორის საკუთარ ქსელზე დაშვების ვალდებულება. 

ასოციაციის თქმით, შპს "ეკლეკტიკსსა“ და სს "სილქნეტს“ შორის ხელშეკრულება არა სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარებასა და მომხმარებელზე ორიენტირებული ახალი შეთავაზებების შექმნას, არამედ ფასადურად კომისიისთვის მიცემული პირობის შესრულებას ისახავს მიზნად.

MVNO ვირტუალური მობილური ოპერატორია, რომელსაც საკუთარი ინფრასტრუქტურა და ქსელი არ გააჩნია. MVNO კომპანიების ბაზარზე შესვლისთვის საჭიროა, მსხვილმა მობილურმა ქსელებმა - „მაგთიკომმა“, „სილქნეტმა“ და „ბილაინმა“ ისინი საკუთარ ქსელზე დაუშვან, რისთვისაც საქართველოს კომუნიკაციების კომისია 2022 წლის ბოლოს ქვეყანაში ვირტუალური მობილური ოპერატორების სავალდებულო წესით დაშვებას გეგმავდა. თუმცა იმ ფონზე, რომ „სილქნეტმა“ საკუთარ ქსელზე უკვე დაუშვა MVNO „ეკლეკტიკსი“, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაურის განცხადებით, მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ MVNO ოპერატორობის თაობაზე საკითხებს კონკურენციის შესახებ კანონში შესული ცვლილებებიც დაარეგულირებს და კომისიის ჩარევა საჭირო აღარ იქნება.