LIVE

ნავთობის ფასი მომავალ წელს შესაძლოა 14%-ით გაიზარდოს - IEA

18 დეკ 202213:21
3 წუთის საკითხავი
clock clock 539
ნავთობის ფასი მომავალ წელს შესაძლოა 14%-ით გაიზარდოს - IEA

მომავალ წელს ნავთობის ფასი შეიძლება გაიზარდოს, რადგან სანქციები რუსეთიდან ნავთობის მიწოდებას ზღუდავს, მოთხოვნა კი მოლოდინს აჭარბებს. ამის შესახებ საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტო (IEA) აცხადებს. 

სააგენტოს თანახმად, რუსეთის მიერ ნავთობის წარმოება 2023 წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის 14%-ით შემცირდება. თუ ეს პროგნოზი გამართლდება, ამან შეიძლება შეცვალოს ნავთობის ფიუჩერსების ვარდნის ბოლოდროინდელი ტენდენცია.  

IEA-ის შეფასებით, მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ნავთობზე მოთხოვნა დღეში 300 000 ბარელით გაიზრდება, რაც ინდოეთში ზრდას და ჩინეთში ეკონომიკის აღდგენის მოლოდინს უკავშირდება.  

სააგენტოს თანახმად, მომავალ წელს ნავთობის მოხმარება დღეში 1,7 მილიონი ბარელით გაიზრდება და საშუალოდ დღეში 101,6 მილიონ ბარელს მიაღწევს. 

IEA ასევე აღნიშნავს, რომ რუსული ექსპორტი ზრდას აგრძელებდა, მიუხედავად მისი პროგნოზებისა, რომ საერთაშორისო ბოიკოტი ტვირთებს შეამცირებდა. რუსული ნავთობის მიწოდებამ ნოემბერში შვიდთვიან მაქსიმუმს, დღეში 8,1 მილიონ ბარელს მიაღწია, თუმცა დაბალი ფასების გამო, მისი შემოსავალი შემცირდა.   

სააგენტოს პროგნოზით, რუსული ნავთობის წარმოების კლება საბოლოოდ მოსალოდნელია მიმდინარე თვიდან. ევროკავშირის სანქციები ქვეყნის წარმოებას დღეში დაახლოებით 400,000 ბარელით შეამცირებს.  

IEA ელის, რომ პირველი კვარტლის ბოლოს დღევანდელი დონიდან - დაახლოებით 11,2 მილიონი ბარელიდან დღეში 9,6 მილიონამდე შემცირდება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ქვეყანა პროდუქციას შეამცირებს და ზღვრული ფასით ნავთობს არ გაყიდის.  

ამავდროულად, განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში ბენზინის გაძლიერებული მოხმარება ასევე აჩენს ვარაუდს, რომ მსოფლიო ნავთობზე მოთხოვნა მომავალ წელს მოსალოდნელზე უფრო სწრაფი ტემპით გაიზრდება.